ზაზა ვაშაყმაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ქართული სასულიერო კულტურის ძეგლების თვითნებური „რესტავრირება“, რათა წაიშალოს ქართული კვალი

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

სტუმრებს ანგარიში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ წარუდგინა. სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მუდმივად უხეშად ირღვევა მკვიდრი მოსახლეობის - ქართველების უფლებები რელიგიის, გამოხატვის, გადაადგილების თავისუფლების თვალსაზრისით; ასევე, მიმდინარეობს ქართული სასულიერო კულტურის ძეგლების თვითნებური „რესტავრირება“, რათა წაიშალოს ქართული კვალი.

სააგენტოს თავმჯდომარე შეეხო „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში სამხარეო ადმინისტრაციების, მერიების, საკრებულოებისა და გამგეობების წარმომადგენლებისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ჩატარებულ ტრენინგებს „სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის“ თემაზე. ასევე, ისაუბრა სააგენტოს საქმიანობაზე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით; რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეულ დახმარებებზე და სხვა.

სააგენტოს თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, საქართველოს სახარების რწმენის, ევანგელურ-ბაპტისტური, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების, საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის, სახარების რწმენის ქრისტიანთა გაერთიანებული (ორმოცდაათიანელთა) ელესიის წარმომადგენლებმა.

სააგენტოს ინფორმაციით, რელიგიურმა ლიდერებმა დადებითად შეაფასეს რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და აღნიშნეს, რომ მიუხედავად სააგენტოს შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით თავდაპირველი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, რელიგიის სააგენტოს სამწლიანმა საქმიანობამ დაადასტურა, რომ ამგვარი ინსტიტუციის შექმნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი და გააზრებული ნაბიჯი იყო. მათი თქმით, სააგენტოს სახით უკვე არსებობს სტრუქტურა, რომელსაც ისინი პრობლემების გადასაწყვეტად მიმართავენ თუმცა, დასანანია ის, რომ სააგენტოს ფართე უფლებამოსილება არ გააჩნია და მის რეკომენდაციებს ცალკეული ჩინოვნიკები ზოგჯერ არ ითვალისწინებენ. ამისათვის კი, რელიგიურ ლიდერთა აზრით, აუცილებელია რელიგიის სააგენტოს უფლებამოსილება გაიზარდოს.

რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის (ეზიდთა სასულიერო საბჭოს, ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, ევანგელურ-ბაპტისტური, სახარების რწმენის ეკლესიები) ლიდერი შეეხო საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა 4 რელიგიურ ორგანიზაციას - ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ, და სომხურ-სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიურ გაერთიანებებს აფინანსებს და გამოთქვეს სურვილი, რომ ამ ორგანიზაციათა რაოდენობა გაიზარდოს.

რელიგიური ლიდერები ასევე, შეეხნენ რელიგიის შესახებ კანონის შემუშავების აუცილებლობას და არსებულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. მათი აზრით, ამ შემთხვევაში ყველა პრობლემა შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოებში განიხილება და გადაწყდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა