ალეკო ელისაშვილი - იქით საწყალ ტაქსისტებს ეცნენ, აქეთ ლეკვი წაიყვანეს და მთავრობის სხდომაზე დაარბენინებენ, რა უნდა ლეკვს მთავრობის სხდომაზე - არასერიოზულია

გავიგეთ, რომ კალაძეს კარგი ტანსაცმელი აქვს და აშკარად კარგად იცვამს, მაგრამ დღეში სამჯერ რომ იცვლი ამ ტანსაცმელს, ცოტა უხერხულია - ჩემი რჩევაა, ამას შეეშვას და ის სელფის ჯოხიც ცოტა ხანი მიაყუდოს, - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თბილისის მერის სამთვიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა.

ალექსანდრე ელისაშვილი კახა კალაძისა და მისი გუნდის მუშაობას „არაპროფესიონალიზმის ზეიმს“ უწოდებს. მერობის ყოფილ კანდიდატს თბილისის მთავრობასთან პრეტენზიები რამდენიმე მიმართულებით აქვს.

„რომელი მშენებლობა გააჩერეს?! აღვირახსნილი მშენებლობები მიმდინარეობს თბილისში. ნარმანია რომ ვერ ბედავდა, იმას ბედავს კალაძე. ბარნოვის ქუჩაზე სკოლის ფანჯრებს პირდაპირ მიადგეს სასტუმრო. სპორტის სასახლის უკან ყველა გაჩერებული მშენებლობა განახლდა. ჟვანიას ქუჩის ბოლოში მიმდინარეობს ისეთი მშენებლობა, რომ ეს არის ენციკლოპედიური ნიმუში ურბანული სუიციდის. კალაძე რომ ამბობდა ქაოტური მშენებლობები უნდა გავაჩეროო, იყო უბრალოდ ტყუილი და თაღლითობა. სრული უსინდისობაა, როცა გამოდის და ამბობს, რომ ყველაფერი წესრიგშია. კალაძე და მისი გუნდი ჯერ ერთი, რომ არაპროფესიონალიზმს ავლენენ - გავიგეთ, რომ კარგი ტანსაცმელი აქვს და აშკარად კარგად იცვამს, მაგრამ დღეში სამჯერ რომ იცვლი ამ ტანსაცმელს, ცოტა უხერხულია, ჩემი აზრით. ჩემი რჩევაა, ამას შეეშვას და ის სელფის ჯოხიც ცოტა ხანი მიაყუდოს, იმიტომ, რომ უკვე ნამეტანია. გადართული არიან პიარზე და უნდა გაჩვენონ, თითქოს რაღაცას აკეთებენ. იქით იმ საწყალ ტაქსისტებს ეცნენ, აქეთ ლეკვი წაიყვანეს და მთავრობის სხდომაზე დაარბენინებენ. რა უნდა ლეკვს მთავრობის სხდომაზე - არასერიოზულია“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ალექსანდრე ელისაშვილი კახა კალაძეს ურჩევს, იმ პრობლემებს მიხედოს, რაზეც წინასაარჩევნო პერიოდში მერობის ყველა კანდიდატი და მათ შორის თავად კალაძეც საუბრობდა. „შხამიანი ჰაერი, სიმწვანის არარსებობა, ქაოტური მშენებლობები, ურბანული სუიციდი, ტრანსპორტის პრობლემები, პარკინგი - ეს ყველა პრობლემა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამათ კი თითი არ დაუკარებიათ არაფრისთვის. გენგეგმა არის ყველაზე მთავარი გამოწვევა მათთვის, მაგრამ გენგეგმა გაწიეს გვერდზე“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მშენებლობების ნებართვებთან დაკავშირებით უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. „უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი და გაიცხრილოს ნებართვები გენგეგმასთან შესაბამისობაში. მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, თორემ დაგვემხობა ეს ქალაქი თავზე“, - განაცხადა ელისაშვილმა.