გიორგი მარგველაშვილი - ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში და გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე

ვულოცავ ამ დღეს არამხოლოდ ქალებს, არამედ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების და თანასწორობის იდეა, - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მისალოცში.

როგორც პრეზიდენტის მისალოცშია აღნიშნული, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული კულტურა და ტრადიცია აღიარებდა და ეყრდნობოდა ამ ღირებულებებს.

”ისტორიულად ეს იდეები ჩვენთვის მშობლიური და ძვირფასია. მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში თანასწორობის და თავისუფლების მიმართულებით არაერთი გამოწვევა გვაქვს, მათ შორის, კვლავ რჩება ქალთა მიმართ ძალადობის და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია - ამ ძალადობის გარკვეულწილად გამართლების და მისი მიმღებლობის ტენდენცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.

მიუხედავად კონსტიტუციაში დეკლარირებული თანასწორობის იდეისა, ქალები ბევრგან განიცდიან უთანასწორო მდგომარეობას: ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში და სხვ. ამ უთანასწორობას, ჩაგვრას და ძალადობას აქვს სხვადასხვა ფორმები, ზოგჯერ აშკარა, ზოგჯერ უფრო ფარული, მაგრამ ის არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და ყველას გვასუსტებს - ქალებსაც და კაცებსაც.

დღეს საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე, რაც კარგია! მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, მე კვლავაც მხარს ვუჭერ ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეას, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა არჩევით ორგანოებში. ამაზე მე, ჯერ კიდევ, 2015 წელს გავაკეთე საჯარო მოწოდება, რომ ყველაზე უფრო დემოკრატიულ პროცესში – როდესაც საზოგადოება ირჩევს თავის წარმომადგენლებს თვითმმართველობისა თუ ცენტრალური წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტის დონეზე – ჩვენ შემოგვეღო კვოტირების სისტემა. მაშინ მე მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად გვემუშავა ამ მიმართულებით.

როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, უბრალოდ, უსამართლოა წარმომადგენლობით ორგანოებში ისინი იყვნენ მკეთრ უმცირესობაში. ამასთან, საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე! მაგრამ ეს ვერ და არ უნდა იყოს მხოლოდ ქალების გამბედაობის და დაუღალავი შრომის ხარჯზე მიღწეული შედეგი. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ ამ საქმეში, არამხოლოდ კვოტირებით, არამედ ისეთი ღონისძიებებით, რაც გულისხმობს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, რათა ძალადობამ არ შეაჩეროს ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისგან;

ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რათა ამან არ დააბრკოლოს გოგონები, მიიღონ განათლება და თავად გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი ცხოვრების გზაზე;

განათლების მიღების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობით, რათა ამ უთანასწორობამ არ შეაფერხოს ქალთა აქტიური მონაწილეობა; სახლში შრომის და მშობლობის ტვირთის თანაბარი განაწილების წახალისებით ქალსა და მამაკაცს შორის; ამ ყველაფრის გარეშე ქალთა საჯარო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ძალიან რთული, თუ არა შეუძლებელია.

ძლიერად ვგულშემატკივრობ საზოგადოების დიდ ნაწილს, ვინც ითხოვს სავალდებულო კვოტირებას და მხარს ვუჭერ იმ პროცესს, რომელიც სავალდებულო კვოტირების კანონმდებლობით შემოღებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია საქართველოს პარლამენტში.

იმედს გამოვთქვამ, რომ კანონპროექტი მალე გადაიქცევა კანონად და მას მოყვება ასევე ის ზემოაღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფოს თუ საზოგადოების მხიდან, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქალებმა რეალურად შეძლონ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკასა და საჯარო ცხოვრებაში.

მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევქმნით თანასწორ და სამართლიან საზოგადოებას!”- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს