ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“ მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა.
მათივე ინფორმაციით, ფორუმს 300 მონაწილე ჰყავს. მათ შორის 180 მეწარმე ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან და სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ქალთა მეწარმეობის განვითარებას უწყობენ ხელს. ღონისძიებაზე მეწარმე ქალბატონებს საშუალება ექნებათ დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და მიიღონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ წარმატებულ მაგალითებსა და გამოწვევებს.
ბიზნესფორუმის ერთობლივი ორგანიზების თაობაზე, 2018 წლის 8 თებერვალს, 8 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფორუმის ფასილიტატორია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP), ღონისძიების თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (MOFEA), ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ABWA), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა (CCRG) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ასევე, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ - აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი თამაზ შავაძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა იმ სახელმწიფო სერვისების პრეზენტაციებიც, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება. ასევე, კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეებში წარმოდგენილი იყო ფინანსურ შესაძლებლობები და სერვისები ქალი მეწარმეებისთვის.
„მსგავსი ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და მათ შორის ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობა; ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის დამხმარე კერძო და საჯარო სერვისებისა და ბიზნესპროდუქტების და საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესაქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.