გურჯაანში ფერმერებს მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გააცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაცემას ითვალისწინებს.

გიორგი მიშელაძის განცხადებით, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი.

„სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი პირობების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი. გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95% კი უნდა განეკუთვნებოდეს ვაზის ნებადართულ ჯიშებს.

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება.

გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა. შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო