გიორგი ბადრიძე - ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირის სამართალდამცავებთან, რომლებმაც იციან, რომ იქ ფეხი მოიკიდა ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა

ჩვენმა ხელისუფლებამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირის სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებსაც მშვენივრად აქვთ ინფორმაცია, რომ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები კი არ სჩადიან ხშირად დანაშაულს ევროპაში, არამედ იქ ფეხი მოიკიდა ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, საქართველოს ყოფილმა ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძემ განუცხადა.

ბადრიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლების პასუხი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ არსებულ გამოწვევებზე - საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნათა რაოდენობისა და კრიმინალის ზრდა - განსახილველია როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

„მოკლევადიანი პასუხი ამ პრობლემაზე, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება, მაგალითისთვის, იმის ახსნა, რომ ევროკავშირში ჩასვლა არანაირად არ ნიშნავს, რომ ისინი თავშესაფარს მიიღებენ. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირის სამართალდამცავ ორგანოებთან, რომლებსაც მშვენივრად აქვთ ინფორმაცია, რომ უბრალოდ ქართველი მოქალაქეები კი არ სჩადიან ხშირად დანაშაულს ევროპაში, არამედ იქ ფეხი მოიკიდა ქართულმა ორგანიზებულმა დანაშაულმა. ეს ის სფეროა, რომელშიც ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია, აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის სამსახურებთან. პოლიციის ატაშეების გაგზავნა ამ პრობლემას არ უშველის. აქ საუბარია იმაზე, რომ რეალურად არ მოხდეს კრიმინალის მასობრივი ექსპორტი საქართველოდან, როდესაც ჩვენი ციხეებიდან გამოდიან და უპრობლემოდ მიდიან უცხოეთში, ან რომელიმე ქვეყნიდან დეპორტირებული კრიმინალები საქართველოს ტრანზიტის გავლით აგრძელებენ გზას ევროპის ქვეყნებში და ზოგჯერ ხელისუფლების წარმომადგენლების ხელშეწყობითაც“, - განაცხადა ბადრიძემ.

გრძელვადიანი საკითხი, კი ბადრიძის თქმით, არის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება საქართველოში.

„სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ამდენ ადამიანს სურს საქართველოს დატოვება და უკეთესი ბედის ძიება სადღაც სხვაგან. საჭიროა მუშაობა ეკონომიკურ რეფორმებზე და იმის დემონსტრირება მაინც, რომ შეიძლება დღესვე ვერ გახდება საქართველო უფრო მდიდარი და წარმატებული ქვეყანა, მაგრამ რაღაც პოზიტიური, იმედის მომცემი ხდება“, - დასძინა გიორგი ბადრიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა