ნინო გოგუაძე - ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს საერთო ინტერესი, რომ პრეზიდენტის პოსტი, ეს ბოლო “დაუპყრობელი ბასტიონი“ არ დავაკავებინოთ “ქართულ ოცნებას“

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის “თავისუფალი დემოკრატები“ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიასთან გაივლის კონსულტაციას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ განუცხადა.

“საპრეზიდენტო არჩევნები არის მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ „ქართული ოცნება“ ახერხებს ყველა დონეზე ძალაუფლების კონსოლიდაციას, ყველა ინსტიტუტის “დაპყრობას“ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოლო ინსტიტუტიც მან ვერ დაიკავოს. ასე რომ, დიახ პროდასავლურ ძალებთან ჩვენ ვაპირებთ კონსულტაციებს, რადგან ეს არ არის პარტიული ინტერესი. ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს საერთო ინტერესი, რომ ეს ბოლო “დაუპყრობელი ბასტიონი“ არ დავაკავებინოთ “ქართულ ოცნებას“. დემოკრატია არ გულისხმობს ძალაუფლების ასეთ კონსოლიდაციას, როგორიც ახლა აქვს ‘“ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვაპირებთ კონსულტაციებს ყველასთან. მგონია, რომ ყველამ უნდა ვიაროთ შეთანხმებების გზით, უნდა მოვძებნოთ გამაერთიანებელი, მაკონსოლიდირებელი ფიგურა და არ უნდა ვიაროთ პრაიმერის გზით, როგორც გაისმა დასავლური პარტიების ნაწილისგან. პრაიმერი პარტიებს შორის არ არის კონსენსუსი, ეს არის აქტივისტების შეჯიბრება და ყველამ კარგად ვიცით, ვის ჰყავს ყველაზე მეტი აქტივისტი და ვინ გაიმარჯვებს. არ მგონია, რომ ეს გზა შეთანხმებებისთვის იყოს კარგი. თუ მოვახერხებთ კანდიდატის კონსენსუსის გზით შერჩევას, თუ მოვახერხებთ გავაცნობიეროთ, რომ პარტიულ ინტერესზე მაღლა დგას სახელმწიფოებრივი დემოკრატიული ინსტიტუტი და შევჯერდებით კონსენსუსურ კანდიდატზე, კარგი იქნება. ჩვენ ვაპირებთ პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობას და ყველა პროდასავლურ პარტიასთან აუცილებლად გვექნება კონსულტაცია“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

რაც შეეხება ქალ საპრეზიდენტო კანდიდატს, გოგუაძე ქალების პოლიტიკაში წინ წამოწევის მომხრეა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი ის უნდა იყოს, ვინც სწორ პრიორიტეტებს დაალაგებს.

“ქართულ ოცნებას“ რაც შეეხება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ არანაირი მონახაზიც კი არ აქვთ, ვის დაუჭერენ მხარს და ვინ იქნება მათი კანდიდატი. მე ვფიქრობ, ყველაფერი არის ჭორები. მგონია, რომ ძალიან ბევრი სხვა ადამიანის გვარს გავიგონებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, სერიოზულად არც ერთის განხილვა დღევანდელ დღეს არ შეიძლება იყოს, რადგან ალბათ, მაისში ან ივნისის დასაწყისში გადაწყდება იქ, სადაც წყდება, ვინ უნდა იყოს მათი კანდიდატი. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის კომენტარებიც მე მიდასტურებს იმას, რომ არანაირი სერიოზული განხილვა ჯერჯერობით საპრეზიდენტო კანდიდატზე არ ყოფილა“, - აღნიშნა გოგუაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა