არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდება და მის შესახებ ოჯახი ინფორმირებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
"ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის და უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენი მოქალაქის. რაც შეეხება გამოძიებას, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და რა თქმა უნდა გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს იმ პირების ვინაობა, ვინც შესაძლოა დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, ამის შესახებ საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. ოჯახი სრულად იქნება ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და ეს გამოძიება წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ", - აღნიშნა შოთაძემ.
მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზა იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება და მას შემდეგ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდება ექსპერტიზა, მიიღებენ სამართლებრივ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ექსპერტიზის საჭიროების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.
მომხდარის გავრცელებისთანავე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით ამოქმედდა ცხელი ხაზი, გაიმართა არაერთი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში; საკითხის მოგვარებაში ჩაერთო ყველა სახელმწიფო უწყება და სადამკვირვებლო მისია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტატუნაშილის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა და აქციაც კი გამართეს, თუმცა, მოგვიანებით, მათ შინაგან საქმეთა მინისტრი ესაუბრა და ოჯახმა ხელისუფლებას სამოქმედოდ დრო მისცა.
26 დღის განმავლობაში სოფელ წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში პანაშვიდი მიმდინარეობდა. ადგილზე არაერთხელ ჩავიდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
20 მარტს, ღამით კი, „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს.
არჩილ ტატუნაშვილის გარცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ. ოფიციალური თბილისი რუსულ აგრესიას გმობს.
გარდაცვლილ სამხედროს 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.