დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე და ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი დაკრძალეს.
"დღეს მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი, არჩილ ტატუნაშვილი. ამავე დროს დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე, ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. დღეს ვნახეთ, რომ ამ მკვლელობის შემდეგ კიდევ უფრო დიდი მუხანათობა დაიგეგმა, რომ კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის არჩილის ცხედრის არგადმოცემით. დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველო, რომელმაც ღირსეული პასუხი გასცა ამ ყველაფერს, ჩვენ ვნახეთ ტრაგედიით არა გახლეჩილი, არამედ გაერთიანებული საზოგადოება. მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ასეთ ვერაგობებს გეგმავს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ ეს გაგვივლია საუკუნეების განმავლობაში და მზად ვართ ასეთი ბრძოლისთვის, რადგან ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდით და ამ ბრძოლაშიც გამარჯვებული გამოვალთ. ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.