სემეკმა ახალი ლოგო და საკომუნიკაციო სტრატეგია წარადგინა. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი საკომუნიკაციო სტატეგია ორიენტირებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებაზე. ასევე მოქალაქეთა ინფორმირებულობაზე კომისიის საქმიანობის, ენერგეტიკის და წყალმომარაგების სექტორში არსებული სიახლეების შესახებ.
"წარვადგინეთ რებრენდინგის ფარგლებში შემუშავებული ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია. ასევე, ახალი ლოგო და ახალი სლოგანი.ძირითადი მიმართულებები ახალ საკომუნიკაციო სტრატეგიაში იქნება ურთიერთობის გაძლიერება, კომუნიკაციის გაძლიერება საზოგადოებასთან. განსაკუთრებით, ეს შეეხება მოსახლეობას. აქცენტს გავაკეთებთ არაქართულენოვანი მოსახლეობის სრულყოფილად ინფორმირებაზე, მათი უფლებების თაობაზე. ასევე გვინდა,დავაანონსოთ ღია კარის დღე კომისიაში, როდესაც კომისიის სრული შემადგენლობა მიიღებს მომხმარებელს, მოსახლეობას და განუმარტავს მათ საკუთარი უფლებების თაობაზე ინფორმაციას. ასევე ვგეგმავთ, მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებას სწრედ მომხმარებლების ინფორმირების მიმართულებით", - განაცხადა ირინა მილორავამ.
ამასთან, მან პრეზენტაციისას განაცხადა, ინფორმირებულობის თვალსაზრისით რეგიონებში გაიმართება შეხვედრები მომხმარებლებთან და ის მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
საკომუნიკაციო სტატეგია, ახალი ლოგო და სლოგანი "ბალანსი დაცულია" ირინა მილორავას თქმით, შესაბამისი კვლევების საფუძველზე შემუშავდა. აღნიშნულ პროცესში სემეკს საკონსულტაციო მომსახურება კომპანია "ჯეპრამ" გაუწია.
სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, ახალ ლოგოზე დატანილია ყველა ის სექტორი, რომელსაც სემეკი არეგულირებს. ლოგოსა და კომუნიკაციის სტრატეგიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ასევე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიები.