საქმე იმაშია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობამ დაანგრია „პოტიომკინის სოფელი“, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სასამართლოსთან მიმართებაში არსებობდა, - ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა წევრმა ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღესი საბჭოს საჯარო სხდომის შესაძლო დახურვის საკითხი.
როგორც ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იმ შემთვევაში, თუ იუსტიციის უმაღესი საბჭოს საჯარო სხდომა დაიხურება, ეს ავნებს არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს გამოხატვის თავისუფლებისა და საჯაროობის კუთხით.
საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებით, ის, რომ იუსტიციის უმაღესი საბჭოს სხდომა საჯარო უნდა იყოს მხოლოდ რეგლამენტშია გაწერილი, რომლის შეცვლაც საბჭოს წევრებს შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, ანა დოლიძე აპირებს, პარლამენტს წინადადებით მიმართს, რომ იუსტიციის უმაღესი საბჭოს სხდომის საჯაროობა რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყონ კანონის მეშვეობით.
„პოტიომკინის სოფელი“ მოგეხსენებათ, იმას ნიშნავს, რომ გარედან ყველაფერი კარგადაა, შიგნით კი, სინამდვილეში სისტემა გაფუჭებულია. ასეთი მეტაფორა არსებობს, ამათ კი არ ესმით მეტაფორები, მაგრამ მაინც... იუსტიცის უმაღესი საბჭოს სხდომები, რადგან გაიხსნა, გამოჩნდა, რომ სურათი, თითქოს სასამართლოში ყველაფერი კარგადაა და რიგზეა, არის პოტიომკინის სოფელი. ბუნებრივია, იმ ხალხს, რომელიც არ გამოირჩევა ეთიკურობით და საერთოდ, მოსამართლეობისგან ძალიან შორს არის, არ აწყობს საჯაროობა. რეალურად კი გამოჩნდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ბევრი პრობლემაა. მთავარი პრობლემაა თვითონ საბჭო. სხდომების დახურვის მცდელობაც აქედან გამოდინარეა. მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება, ისეთივე მცდელობა, როგორიც ჩვენზე ეთიკის წესების გავრცელებაა. (საუბარია არამოსამართლე წევრებისთვის ეთიკის ნორმების შესაძლო გავრცელებაზე). ასევე, ეს იქნება საშუალება იმისა, რომ რაღაცნაირად გააკონტროლონ ის, ვინც უბრალოდ მიუთითებს პრობლემაზე და რეფორმის აუცილებლობაზე. ანუ დავბრუნდეთ 2012 წლამდე არსებულ ვითარებაში , როდესაც არავინ იცოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისამართიც კი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
აქედან გამომდინარე, საბჭოს არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ პარლამენტმა ქმედითი ნაბიჯი დროულად უნდა გადადგას.
„მთავარი ვალდებულება პარლამენტს აქვს, რომ კანონში ჩაიწეროს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები არის საჯარო. ეს რომ დღეს კანონში არ წერია, ესეც პარლამენტის ბრალია. ეს არის რეგლამენტში და ის სამწუხარო რეალობა არსებობს, რომ მათ მართლაც შეუძლიათ შეცვალონ რეგლამენტი, მაგრამ აქ გახლავთ პირდაპირ პარლამენტის პასუხისმგებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობა კანონის მეშვეობით, რადგან ჩვენ არ ვიყოთ ნაღმზე. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტს ინიციატივით მივმართავ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა იუსტიციის საბჭოს საჯარო სხდომის დახურვის ინიციატივა გამოთქვა.