სტრატეგიულად, რუსეთის სურვილია საერთოდ არ არსებობდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რადგან დიდი ალბათობით, ახლოვდება ის დრო, რომელიც ჩვენზე დაიწყებს მუშაობას

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" დირექტორს, პაატა გაფრინდაშვილს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, ჟენევის კონსულტაციების მორიგი 43 რაუნდი ისევე უშედეგოდ დასრულდა, როგორც ყველა წინა 42 შეხვედრა.

თუ მანამდე მოსკოვი თბილისისაგან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის კორექტირებას მოითხოვდა, ახლა ამ კანონის გაუქმებას მოითხოვს და სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. თავის მხრივ, სოხუმი და ცხინვალი წინააღმდეგნი არიან ძალის არგამოყენების დეკლარაციაზე ხელი რუსეთმა, როგორც კონფლიქტის მხარემ მოაწეროს.

ისმის მოსაზრებები თბილისის მოლოდინების შესახებ, კერძოდ, რომ რუსეთი გააკეთებდა განცხადებას ძალის არგამოყენების შესახებ, როგორც ეს „ნაცმოძრაობის“ დროს ქართულმა მხარემ გააკეთა. რისი იმედი ჰქონდა თბილისს, გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით მოსკოვს სერიოზული თამაშები აქვს დაწყებული.

თქვენი დაკვირვებით, ჟენევის პროცესთან დაკავშირებით მოსკოვს რა მიზნები აქვს და სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება მათზე ქართული მხარის რეაქციას?

- როდესაც 2009 წელს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები დაიწყო და ამ მიზნით შესაბამისი ფორმატები შეიქმნა, ისინი შეიქმნა 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი, „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე.

სტრატეგიულად რუსეთის სურვილია, საერთოდ არ არსებობდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. ხოლო, ვიდრე ის არსებობს, მისი მიზანია, მაქსიმალურად ეცადოს შეასუსტოს საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო დონეზე სადღეისოდ არსებული მყარი სამართლებრივი პოზიცია და რამდენადაც შესაძლებელია, სტატუსები „აუმაღლოს“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს

ამ შეთანხმების პირველივე პუნქტში წერია, რომ ძალა არ უნდა იქნას გამოყენებული. მე-6 პუნქტი კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მექანიზმების (რაც პერსპექტივაში საერთაშორისო სამშვიდობო, მათ შორის საპოლიციო ძალებსაც მოიაზრებს) შექმნაზე მიუთითებს და ამ მიზნით საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრობს. ამ შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა ჟენევის ფორმატის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროკავშირი, გაერო, ეუთო როგორც თანათავმჯდომარეები, აშშ, საქართველო, რუსეთი, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლეგიტიმური ხელისუფლებების წარმომადგენლები და ოკუპირებული ტერიტორიების ხელისუფლებების წარმომადგენლები.

რაც შეეხება დელეგაციებს კლასიკური გაგებით, ჟენევაში დელეგაციების დონეზე წარმოდგენილია აშშ-ს, საქართველოსა და რუსეთის დელეგაცია. ჟენევის ფორმატში არსებული ორი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ჯგუფის მუშაობაში ინდივიდუალური მონაწილეების რანგში მონაწილეობას იღებენ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებიც. ამ ფორმატის სიძლიერე იმაშია, რომ ის საერთაშორისო ფორმატია, რომელშიც ლამის მთელი მსოფლიოს წამყვანი აქტორებია წარმოდგენილი.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის მიზნები თავიდანვე ცხადი იყო. ამ მოლაპარაკებებით და ფორმატით რუსეთი „ბედნიერი“ არასოდეს ყოფილა და ის ამ პროცესში დიდი სიხარულით არასოდეს ჩართულა, ვინაიდან ამ ფორმატში ნაკლებად სავარაუდო იყო მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა - კერძოდ, მშვიდობიანად და სამართლიანად დარეგულირდეს არა საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტი, არამედ, მიაღწიოს ამა თუ იმ ფორმით ცხინვალისა და სოხუმის აღიარებას, ამ მიზნით, მაგალითად, საქართველოსა და „სამხრეთ ოსეთს“ და საქართველოსა და აფხაზეთს შორის მიღწეულ იქნას ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი გარანტიც „მშვიდობისმყოფელი“ რუსეთი იქნება.

რუსეთის მთავარი მიზანია, თავი აარიდოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას (მათ შორის ჯარების გაყვანის შესახებ ვალდებულებას) და ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სერიოზული მოლაპარაკებების გადაფარვის მიზნითაც ძალისხმევა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსის ამაღლებაზე და ამ თემით მანიპულირებაზე მიმართოს.

საბედნიეროდ, რუსეთმა აღნიშნულს დღემდე ვერ მიაღწია და თუ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრულები ვიქნებით, ვერც მიაღწევს. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია, ჟენევის ფორმატის ამგვარი სახით არსებობა რუსეთს არ აწყობს. ხოლო ფორმატის რუსული სცენარით ცვლილება კი მოლაპარაკებების დასასრულის ტოლფასი იქნება.

ამასთან, რუსეთს სურს „სუფთა გამოვიდეს“ ამ პროცესიდან და უპირველეს ყოვლისა საქართველოს, ან/და აშშ-ს და საერთაშორისო თანამეგობრობას დაბრალდეს ამ ფორმატის არაეფექტურობა და საბოლოოდ მისი ჩაშლა. თუმცა, ეს არაა მარტივი და დღემდე მან ეს არ/ვერ გააკეთა, ვინაიდან რუსეთი გარკვეული დოზით და თვალსაზრისით თავის საერთაშორისო სტატუსსაც უფრთხილდება. მას სურს იმავდროულად „სახე შეინარჩუნოს“ და თავი წარმოაჩინოს როგორც ისეთივე სრულფასოვანმა, ცივილიზებულმა ქვეყანამ, როგორიც დასავლეთის ქვეყნებია და არა როგორც მარგინალურმა ქვეყანამ.

ის, რომ რუსეთმა მოგვიწოდა „პირდაპირი ურთიერთსაპატივსაცემო დიალოგი“ დავიწყოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ანუ როგორც სახელმწიფომ სახელმწიფოებთან, რუსეთის პოლიტიკური პოზიციის მხრივ, ამაში ახალი არაფერია. თუმცა ამჯერად, სამწუხაროდ, გამოიყენა საქართველოს პრემიერის წერილში ჟენევის მოლაპარაკებების კონტექსტში გაჟღერებული პასაჟი ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირ დიალოგის შესახებ

სტრატეგიულად რუსეთის სურვილია საერთოდ არ არსებობდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. ხოლო, ვიდრე ის არსებობს, მისი მიზანია, ის არ იყოს თავის მართლების პოზიციაში და მაქსიმალურად ეცადოს შეასუსტოს საქართველოსთან მიმართებაში არსებული საერთაშორისო სამართლებრივი მყარი პოზიცია და რამდენადაც შესაძლებელია სტატუსები „აუმაღლოს“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. საქართველომ კი არამც თუ უნდა დაუშვას ამ სამართლებრივი პოზიციის ეროზია, არამედ რუსეთზე კიდევ უფრო გაზრდილ საერთაშორისო ზეწოლაზე უნდა იზრუნოს.

ის რომ რუსეთმა მოგვიწოდა „პირდაპირი ურთიერთსაპატივსაცემო დიალოგი“ დავიწყოთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ანუ როგორც სახელმწიფომ სახელმწიფოებთან, ამაში რუსეთის პოლიტიკური პოზიციის მხრივ ახალი არაფერია. თუმცა, ამჯერად, სამწუხაროდ, გამოიყენა საქართველოს პრემიერის წერილში ჟენევის მოლაპარაკებების კონტექსტში გაჟღერებული პასაჟი ოსებთან და აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ.

- თუ ჟენევის კონსულტაციების 43-ე რაუნდის შედეგებზე რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას გადავავლებთ თვალს, ადვილი შესამჩნევია, რომ მისი თითქმის ყველა აბზაცი 9 მარტს რუსეთის ხელმძღვანელობისადმი პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვის თეზისებზე პასუხები გახლავთ.

თუ ქართული მხარე ახლა აცხადებს, რომ საქართველო ითხოვს ძალის არგამოყენების დეკლარაციაზე რუსეთმა, როგორც კონფლიქტის მხარემ მოაწეროს ხელი, მაშინ რას შეიძლება ეფუძნებოდეს ბატონ კარასინის მტკიცება, რომ მხარეები ძალის არგამოყენების დეკლარაციის ხელმოწერაზე ჯერ კიდევ დეკემბერში შეთანხმდნენ?

- 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში ძალის არგამოყენების პრინციპი შავით თეთრზე წერია. როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა 12 აგვისტოს შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს უკვე აიღეს აღნიშნული ვალდებულება.

თუმცა, რუსეთის პოზიციის მიხედვით, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელი ქვეყნებია“, 12 აგვისტოს 6- პუნქტიანი შეთანხმება მისთვის რელევანტური აღარ არის (მას ჯარებიც შესაბამისად საქართველოდან გაყვანილი ჰყავს) და მას აღარ ეხება. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაც ამაზე საუბრობს.

რუსეთი ამბობს - მოდით დავეხმაროთ საქართველოს და ახალგაზრდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფოებს, რომ ისინი ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდნენ. ბატონი კარასინიც, თავის განცხადებაში დიდი ალბათობით სწორად იმგვარი ტიპის ტექსტის პროექტზე საუბრობდა, რომლის მიღების შემთხვევაშიც რუსეთს სწორედ ამგვარი ინტერპრეტაციის საშუალება მიეცემოდა.

თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების შესახებ ლეგიტიმური მოთხოვნა და ამ საკითხზე ცალსახა საერთაშორისო მხარდაჭერა აღდგეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს

თავის დროზე კი არსებობდა ჟენევის განცხადების ისეთი პროექტი, რომლის მიხედვით, მისი მიღება მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი მოლაპარაკებების მონაწილეების მიერ, თუკი რუსეთიც აიღებდა საქართველოსთან მიმართებაში ძალის არ გამოყენების ვალდებულებას.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც მუდმივად მოუწოდებდა რუსეთს, რომ მასაც აეღო ასეთი ვალდებულება, თუკი ის მართლაც დაინტერესებული იყო ჟენევის მოლაპარაკებებში ამ საკითხზე რეალური პროგრესით.

სამწუხაროდ, ჩვენ ეს ლეგიტიმური მოთხოვნა შევასუსტეთ ან სულაც გავაქრეთ, მათ შორის მოლაპარაკების ტექსტშიც. შესაბამისად, თბილისმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებაში ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღების შესახებ ლეგიტიმური მოთხოვნა და ამ საკითხზე ცალსახა საერთაშორისო მხარდაჭერა აღდგეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს.

- ფაქტია, რომ პრემიერის მიმართვა რუსეთისადმი იმავე მოსკოვისათვის საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, ვინაიდან იგი ახლა სწორედ მასზე მიგვითითებს.

მეტიც, ბატონ კარასინს რომ არ ეთქვა, ჩვენთვისაც იმთავითვე ნათელი იყო, რომ ტატუნაშვილის თემაზე პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია და პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვა რუსეთისადმი სულაც არ იყო თანხვედრაში. ისევე როგორც ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას პირველი კომენტარები.

რა გამოდის - რუსეთთან მიმართებაში პარლამენტს ერთი პოზიცია აქვს, საგარეო უწყებას მეორე, ხოლო პრემიერის ადმინისტრაციას მესამე?

- სანამ პოზიცია საჯარო გახდება, მოსაზრებები და პოზიციებიც შესაძლოა იყოს განსხვავებული. მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია მთავრობაში, პარლამენტში არათუ უნდა იყოს, არამედ აუცილებელიცაა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც საჯაროდ გაკეთდება განცხადებები, რომელიც მრავალნაირ, მათ შორის იმგვარ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, როგორსაც ახლა თქვენ აკეთებთ, ეს ნამდვილად აზიანებს საქმეს.

ის, რაც ამ თემაზე ხელისუფლებაში და მის შტოებს შორის ხდება ხოლმე, მაგალითად, პრემიერის წერილის კონტექსტში, მე ერთხელ უკვე შევაფასე, როგორც მინიმუმ არაკოორდინირებულობის შედეგი, რაც დაუშვებელია, ვინაიდან მას მოწინააღმდეგე აუცილებლად გამოიყენებს.

- დამკვირვებელთა ნაწილი ჟენევის ფორმატთთან დაკავშირებით ქართული მხარის ინიციატივას, კერძოდ, მასში პრემიერ კვირიკაშვილის მონაწილეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იმას უკავშირებს, რომ თუ თბილისი სოხუმთან და ცხინვალთან დეკლარაციას არ მოაწერდა ხელს, მოსკოვი ასეთ შემთხვევაში იტოვებდა უფლებას თავად გამოეყენებინა ძალა საქართველოს წინააღმდეგ.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოსკოვი თბილისს კულუარებში ძალის გამოყენებით აშანტაჟებს და მასზე საჯარო საუბრისაგან ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იკავებენ?

სხვათა შორის, საქართველოს თემებზე საუბრისას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ასეთი რამ განაცხადა - მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გაუხსნიან ცეცხლს საქართველოს. მოგეხსენებათ, ხშირად რასაც ჟირინოვსკი საუბრობს, მერე დიდი ალბათობით ხდება კიდეც.

ჟენევის 43-ე რაუნდზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია - სოხუმსა და ცხინვალს საქართველოს ნატოსთან დაახლოება აშფოთებთ...

- კონსპირაციაში არ მინდა შევიდე, მაგრამ ვითარებაში, როცა მოსკოვი ლამის მთელ თუ არა ნახევარ მსოფლიოს აშანტაჟებს ღიად და დაუფარავად, გამორიცხული არაფერია.

თუმცა, კულუარულ შანტაჟს რომ თავი დავანებოთ, გაზრდილია ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიმდებარე სოფლებიდან ჩვენი მოქალაქეების გატაცების რაოდენობა, ხდება მკვლელობები, გრძელდება ე.წ. სასაზღვრო ბანერების დამონტაჟება და მცოცავი ანექსიის პროცესი და ასე შემდეგ.

შანტაჟი ერთია, მთავარია მტრის შანტაჟს ჩვენ რას ვუპირისპირებთ... ფაქტია, რომ რუსეთი მარტო მთავრობას კი არა, მთელ ქართულ საზოგადოებას აშანტაჟებს ღიად თავისი დესტრუქციული მოქმედებით, მათ შორის, თავისი პროპაგანდისტული მანქანითა და ე.წ. მე-5 კოლონით

რუსეთის პოლიტიკური შეფასებები საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობაზეც რეალურად ღია შანტაჟი და მუქარაა. ამაში ახალი არაფერია - ეს ხომ ზედაპირზე დევს? ამ შემთხვევაში მთავარია ის, თუ ჩვენ როგორ ვაპირებთ ადეკვატურ რეაგირებას, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების გაზრდილ ანექსიურ საფრთხეზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გადაუდებელი აუცილებლობაა, მაგალითად, გამყოფი საოკუპაციო ხაზების გასწვრივ შესაბამისი და ადეკვატური პატრულირების აღდგენა და ინტენსივობის გაძლიერება. რამდენიმე ხნის წინ შსს-ს მინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა და კარგია, თუკი რეალური ქმედებები განხორციელდება ამ მიმართულებით.

ვიმეორებ, შანტაჟი ერთია, მთავარია მტრის შანტაჟს ჩვენ რას ვუპირისპირებთ. ზუსტად არ ვიცი კულუარებში რა ხდება, მაგრამ არც გამორიცხვა შეიძლება რამის. თუმცა, ფაქტია, რომ რუსეთი მარტო მთავრობას კი არა მთელ ქართულ საზოგადოებას აშანტაჟებს ღიად თავისი დესტრუქციული მოქმედებით, მათ შორის, თავისი პროპაგანდისტული მანქანითა და ე.წ. მე-5 კოლონით. ამ მიმართულებით კი დღემდე ბევრი არაფერი გაკეთებულა და ასევე, აუცილებელია რეალური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

- ადრე მოსკოვი ჟენევის ფორმატიდან გასვლით იმუქრებოდა. ახლა იგი ამავე ფორმატის რეფორმირებაზე საუბრობს. ცხადია, რომ მოსკოვს აღიზიანებს, რომ ჟენევის ფორმატში რუსეთი საქართველოსთან აშშ-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან ერთად ზის, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ახლა როცა რუსეთზე ზეწოლა დასავლეთის მხრიდან საკმაოდ დიდია, ჟენევის ფორმატის შეცვლა უპერსპექტივოდ გამოიყურება.

ბატონმა კარასინმა განაცხადა - 2 თვე გვაქვს ვადა დავაკვირდეთ თუ რა ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს ქართული მხარე. თუ მოსკოვის დაკვირვებით ქართულმა მხარემ არაადეკვატური ნაბიჯები გადადგა, თქვენი ვარაუდით, ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით რა შეიძლება იყოს რუსული მხარის შემდეგი, ჩვენთვის არაპროგნოზირებადი სავარაუდო ნაბიჯები?

- ზოგადად კია ნათქვამი, რომ რუსეთის პროგნოზირება ძნელიაო, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსული „მენიუ“ ცნობილია. ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან დღემდე „გაუგონარ“ რამეს და პროგრესულ ინოვაციას არ უნდა ველოდოთ. მთავარია, ჩვენ და ჟენევის დისკუსიის საერთაშორისო თანათავმჯდომარეები და მონაწილეები ვიყოთ თანმიმდევრულები და იმ შეთანხმებების ერთგულები და დამცველები, რამაც ეს საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნა.

თუ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ჟენევის ფორმატის ჩაშლა და შესაბამისად მოლაპარაკებების შეწყვეტა, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა დაეკისროს რუსეთს. ამგვარი შეფასება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ცალსახა და მკაფიო და არა ინტერპრეტირებადი პოზიცია

როდესაც რუსეთის წარმომადგენელი საუბრობს ჟენევის ფორმატის შეცვლაზე, ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ჟენევის ფორმატში ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანების ინიციატივა, ჟენევის შეხვედრების არსებული ინტენსივობის შემცირება, ოკუპირებული ტერიტორიების მონაწილეების რიცხვის გამოთანაბრება სხვა მონაწილეებთან, მოლაპარაკებების დამკვიდრებულ დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა და ასე შემდეგ. ასეთი და ამის მსგავსი წინადადებები მათ ადრეც ჰქონიათ და მომავალშიც შეიძლება ჰქონდეთ.

ბუნებრივია, არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების იმგვარ ცვლილებაზე გულწრფელად იზრუნებს, რაც მოლაპარაკებების სამართლიან შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

შესაბამისად, თუ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ჟენევის ფორმატის ჩაშლა და შესაბამისად მოლაპარაკებების შეწყვეტა, ამაზე მთელი პასუხისმგებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნდა დაეკისროს რუსეთს. ამგვარი შეფასება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ცალსახა და მკაფიო და არა ინტერპრეტირებადი პოზიცია.

- დამოუკიდებელმა ექსპერტმა ხათუნა ლაგაძიზემ „ინტერპრესნიუსთან“ ამ თემაზე საუბრისას ასეთი მოსაზრება გამოთქვა - ძალის არგამოყენების შესახებ ე.წ. დეკლარაციით, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლების სამართლებრივი სტატუსი ამაღლდება. სამართლებრივად, თამაშიდან „სუფთა“ გადის რუსეთი, ვინაიდან ჟენევის დეკლარაციის პარადიგმა ასეთია - საქართველო-აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი.

რუსეთის მიზანია საქართველომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან გააფორმოს შეთანხმება კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომლიდანაც გასვლა მის სუბიექტებს ნებისმიერ დროს შეეძლება.

მისივე თქმით, კონფედერაციული საქართველო ვერ და არ იქნება დასავლური საქართველო, რადგან კონფედერაციაში შემავალი აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით რუსეთი მუდმივად აიძულებს საქართველოს ჯერ შევიდეს და შემდეგ კი დარჩეს მის ორბიტაზე.

უკრაინაში მიმდინარე პროცესები, მოსკოვის მოთხოვნა, რომ უკრაინა ფედერაციული ქვეყანა იყოს, რომლის წევრი დონბასის და ლუგანსკის რესპუბლიკები იქნებიან, რომლებსაც კიევის საგარეო პოლიტიკაზე ვეტოს უფლება ექნებათ, ქალბატონ ლაგაზიძის ვარაუდი სავსებით ლოგიკურად გამოიყურება.

თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ, რომ ჟენევის პროცესი რუსული სცენარით არ განვითარდეს?

- საქართველომ ევროკავშირთან, გაერო-სთან, ეუთო-სთან და აშშ-ს ერთად ე.წ. რუსული სცენარისგან უნდა დაიცვას ჟენევის საერთაშორსო დისკუსიები და ასევე ის ფორმატებიც, რაც მის ფარგლებში შეიქმნა.

ამასთან, განვმეორდები, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გახლავთ მოლაპარაკებების მთავარი საფუძველი და საყრდენი. შესაბამისად, ძალისხმევა უნდა იქნას მიმართულ არა რამე სახის ფსევდო პროგრესზე, არამედ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს.

ევროკავშირის შუამავლობით მიღებული რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გახლავთ მოლაპარაკებების მთავარი საფუძველი და საყრდენი. შესაბამისად, ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული არა რაიმე სახის ფსევდო პროგრესზე, არამედ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს

ამასთან, ჩვენ არანაირი ფორმით არ უნდა დავუშვათ საქართველოს არსებული სამართლიანი საერთაშორისო სამართლებრივი პოზიციის ეროზია. პირიქით, გაზგასმით მინდა ვთქვა, რომ შესაძლებელია ჩვენი თანმიმდევრული მუშაობით კიდევ უფრო გავამყაროთ ეს პოზიცია. დღეს შეიძლება ეს ასე არაა, მაგრამ დიდი ალბათობით ახლოვდება ის დრო, რომელიც, როგორც ნათქვამია, ჩვენზე დაიწყებს მუშაობას...

აქვე ერთ საკითხზეც მინდა გავამახვილო ყურადღება და კარგი იქნება, თუკი თბილისის შესაბამისი ოფიციალური წარმომადგენლების სიღრმისეულ კომენტარებასაც მოვისმენთ ამ საკითხზე.

კერძოდ, ბატონმა კარასინმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ დროა დავასრულოთო რაღაც დოკუმენტებზე მსჯელობა, დიდი ალბათობით ის ძალის არ გამოყენების შეთანხმებას გულისხმობდა, და გადავიდეთო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შორის სხვა ერთობლივი პროექტების განხილვაზე ვაჭრობისა და განათლების სფეროში და შესაბამისი მოქმედებების გეგმები დავსახოთო.

რუსეთთან დაკავშირებით ზედმეტი ოპტიმიზმი არ მაწუხებს და არც ბატონი კარასინი არ ასხივებს ჰუმანიზმს, მაგრამ თუკი ამ მიმართულებით რუსეთი რაღაც გარკვეულ პრაგმატულ პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და თავს დაანებებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შანტაჟირებას ძალის არ გამოყენების საკითხით, ჟენევის ფორმატს მართლაც გააჩნია ის პოტენციალი, რომ ბიძგი მისცეს და ხელი შეუწყოს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის განვითარებას, აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის განათლებაზე, ჯანდაცვაზე და ბევრ იმ სხვა სიკეთზე წვდომას, რაც დღეს საქართველოშია.

რუსეთთან დაკავშირებით ზედმეტი ოპტიმიზმი არ მაწუხებს და არც ბატონი კარასინი არ ასხივებს ჰუმანიზმს, მაგრამ თუკი რუსეთი გარკვეულ პრაგმატულ პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, ჟენევის ფორმატს მართლაც გააჩნია პოტენციალი და ჩვენ მისი ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ

ასეთი შესაძლებლობა არ უნდა გაუშვან არც საქართველომ და არც ჟენევაში წარმოდგენილმა თანათავმჯდომარეებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ბუნებრივია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჟენევაში თანმიმდევრული მუშაობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის მექანიზმების შექმნისა და დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების მიმართულებით და მეორე მხრივ კი, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ სხვა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებითაც.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო