თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა დადგენილებაში ცვლილებას, რომლითაც დედაქალაქში პარკირების სისტემის მართვას 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს, - აღნიშნულთან დაკავშირებით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკითხს მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
დადგენილებაში ცვლილების პროექტი სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ წარმოადგინა. საკრებულოს დეპუტატები, იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსისაგან ითხოვდნენ განემარტა, რა განსხვავება იქნებოდა “სითი პარკის” თბილისის სატრანსპორტო კომპანიით ჩანაცვლების შემთხვევაში. სხდომაზე ასევე ითქვა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე “სითი პარკმა” ქალაქში ჯარიმების შედეგად 44 მილიონი ლარი მიიღო.
როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას სერგო ბირკაძემ განაცხადა, საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა დადგენილების პროექტი, რომელშიც გაწერილია, თუ ვინ განაახორციელებს ადმინისტრირებას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, აღრიცხვა-ანგარიშგებას და გასაჩივრებას. ამ თვალსაზრისით, დადგენილებაში მოხსენიებული იყო კომპანია “სითი პარკი” და იგი ამ ფუნქციას 10 აპრილიდან აღარ განახორციელებს.
“კომპანია “სითი პარკი” 10 აპრილიდან ამ ფუნქციას აღარ განახორციელებს, რადგან წყდება მათთან ხელშეკრულება მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ამიტომ “სითი პარკის” ნაცვლად ამ დადგენილებაში ჩაიწერება, რომ აღნიშნულის ადმინისტრირებას ქალაქში შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს”, - განაცხადა სერგო ბირკაძემ.
იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია სრულ მზადყოფნაშია, რომ პარკირების მართვის სისტემა დედაქალაქში არ შეფერხდეს.