„დმანისის გადარჩენის ფონდი“ აუქციონის წესით იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე აზომვით სამუშაოებს ახორციელებს

„დმანისის გადარჩენის ფონდი“ დმანისის მუნიციპალიტეტში აუქციონის წესით იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე აზომვით სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილმა „დმანისის გადარჩენის ფონდის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამზომველთა ჯგუფი აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს ჩავიდა. ამ დროისთვის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე სამუშაოები უკვე დასრულებულია და აზომვითი სამუშაოები დღის ბოლოს დასრულდება.

„ტერიტორიაზე პირველი აზომვითი სამუშაოები უკვე ჩავატარეთ. დავადგინეთ, რომ საწარმოს მართვის პულტი დგას იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ჩვენ აუქციონის წესით მოვიგეთ, ხოლო თავად საწარმო თავიდან ბოლომდე აბსოლუტურად უკანონოდაა აგებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული, რაზედაც საქართველოს პროკურატურას მივმართავთ. ასევე დარწმუნებული ვარ, ჩაერთვებიან ევროპელი სამართალდამცველი ორგანოები, ვინაიდან „არემჯი გოლდი“ ჰოლანდიაში რეგისტრირებული კომპანიაა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დიდ დმანისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე აუქციონი 20 მარტს დასრულდა. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას იჯარით, 5 056 320 ლარად გადაეცა. ლოტის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო.

როგორც პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, აუქციონში სამი მსურველი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ კომპანია RMG Gold და პოლიტიკური პარტიების მიერ დაარსებული „დმანისის გადარჩენის ფონდი“. მათი ინფორმაციით, სწორედ RMG Gold ვაჭრობდა ორი სუბიექტით. აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა