დანიელ ფრიდი - რუსეთს ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო არ უნდა - კრემლს სუსტი, დამორჩილებული საქართველო აწყობს

ამერიკელი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთისთვის სოლიდარობის გამოცხადებით და რუსი დიპლომატის გაძევებით საქართველომ დააფიქსირა, რომ ის დასავლეთის ნაწილია.

ფრიდს საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატების გაძევების მნიშვნელობაზე და საქართველო-დასავლეთის ურთიერთობაზე “ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ესაუბრა.

ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ მარტოა.

“მათ ყველა გარიყეს, მათ შორის, საქართველოც, რომელიც სხვაგვარი ვითარების შემთხვევაში სულაც არ იქნებოდა რუსეთთან დადებითი ურთიერთობის წინააღმდეგი კულტურული და ისტორიული კავშირების გამო. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ისინი საქართველოს თავს დაესხნენ და არა იმიტომ, რომ ქართველები რუსოფობები არიან. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში პრობლემა ისაა, რომ რუსეთს ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველო არ უნდა. კრემლს სუსტი, დამორჩილებული საქართველო აწყობს, რომელზე დომინირებაც მარტივი იქნება. ამერიკა მექსიკას წარსულში ცუდად ექცეოდა, ბევრი ცუდი რამ გავაკეთეთ, თუმცა შემდეგ ჭკუა ვისწავლეთ და მივხვდით, რომ წარმატებული, სტაბილური, მდიდარი მექსიკა ჩვენს ინტერესებში შედიოდა. თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთს წარმატებული, მდიდარი და სტაბილური საქართველო უნდა? რა თქმა უნდა, არა! მათ უნდათ, მეზობლები მუდამ ქაოსში იყვნენ ჩართული, რომ მათი დომინირება შესაძლებელი იყოს. ეს კი ძალიან სამარცხვინოა“, - განაცხადა დანიელ ფრიდმა.

დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის მიზნით, თბილისში მდებარე შვეიცარიის საელჩოდან რუსეთის ინტერესებზე მომუშავე დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით ფრიდი ამბობს, რომ საქართველომ, სხვა ქვეყნებთან ერთად, დასავლეთის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინა, რაც შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩენილა.

“საქართველო რთულ ვითარებაშია, მაგრამ სტრატეგიულად მისი მდგომარეობა უიმედო არ არის. პირიქით, საქართველოს სტრატეგიული წარმატების მისაღწევად კარგი შანსი აქვს. მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება. თუ საქართველომ საკუთარი წარუმატებლობა არ გამოიწვია, ის წარმატებას მიაღწევს, რადგან მან უკვე გადალახა სერიოზული რეფორმების ზღვარი. თქვენ უკვე გაქვთ რაღაც, რისი დაცვაც ღირს, რისი აშენებაც ღირს. ჩვენ, დასავლეთს, კი გვაქვს პასუხისმგებლობა პატივი ვცეთ თქვენს სუვერენიტეტს და ეს მართლა გავაკეთოთ. საქართველოს რესპუბლიკა 100 წლისთავს აღნიშნავს. ეს ძალიან ჰგავს ბალტიისპირეთის ქვეყნების ისტორიას. მათ შემთხვევაში ოკუპაცია იმდენ ხანს არ გაგრძელდა, რამდენიც საქართველოს შემთხვევაში. მაშინდელი ლიბერალური კონსტიტუცია და იმის ხედვა, თუ როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო, ძალიან შთამბეჭდავია“, - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.

ამასთან, დანიელ ფრიდის შეფასებით, რუსული სტილის მმართველობა, შესაძლოა ზოგიერთი ქართველისთვის - ხალხის გასაყვლეფად მომართული კორუმპირებული ელიტისთვის იყოს კარგი, მაგრამ საქართველოში კარგად იციან, რომ დღევანდელი რუსული სტილის მმართველობა, ქვეყანას არ სჭირდება.

“საბოლოო შედეგი საქართველოსთვის იგივე იქნება, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის იყო. მთავარია გჯეროდეთ საკუთარი თავის და გჯეროდეთ იმის, რომ დასავლეთი ისევ გაიხსენებს თუ რას წარმოადგენს ის. კარგად მესმის, რომ ამის თქმა მარტივია, გაკეთება კი რთული. ჩვენი აზრის მოსმენის გარეშეც, თქვენ თვითონ დაფიქრდით იმაზე, თუ სად იქნებით უკეთესად, რას ნიშნავს რუსეთის ჩექმის ქვეშ ყოფნა საქართველოსთვის და ეს ქვეყანას რეალურად რას მოუტანს. ვფიქრობ, საქართველოში ამ კითხვებზე პასუხი კარგად იციან“, - აღნიშნა დანიელ ფრიდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა