სუს-ი საქართველოს მთავარ საფრთხედ ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების არსებობს ასახელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხედ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და ოკუპირებულ რეგიონებშირუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობს ასახელებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაფორმალური ანექსიის მიმდინარე პროცესი, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაცია, უკანონო დაკავებები და ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარ გამოწვევად რჩება.

”საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ საფრთხეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების არსებობა წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაფორმალური ანექსიის მიმდინარე პროცესი, მზარდი მილიტარიზაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაცია, უკანონო დაკავებები და ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარ გამოწვევად რჩება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესები ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას ეტაპობრივად ახორციელებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დადებული „მოკავშირეობის“ ე.წ. შეთანხმებების პრაქტიკული განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2017 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთისა და დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნა, ქ. სოხუმში 2017 წლის პირველ ნოემბერს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პუნქტის გახსნა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფების რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში გადასვლის ფაქტები. 2017 წლის 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გამართული უკანონო „რეფერენდუმის“ შედეგად კი, ცხინვალის რეგიონს სახელწოდება შეეცვალა და რუსეთის ფედერაციაში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის („ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია“) მსგავსად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა-სახელმწიფო ალანია“ დაერქვა, რაც ცხინვალის რეგიონის რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას და საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრციდან მის სრულად მოწყვეტას ისახავს მიზნად”, - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტს ეტაპობრივად აუქმებს.

”ნათლად გამოჩნდა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს დე ფაქტო უწყებების სერვისებსა და ფუნქციებზე (ე.წ. საზღვრის დაცვა, „საბაჟო მომსახურება“, „სამართალდამცავი უწყებების“ ფუნქციონირება, ე.წ. თავდაცვის უწყების მუშაობა) სრული ეფექტური კონტროლის დამყარება წარმოადგენს.

ანექსიური პოლიტიკის ჭრილშია განსახილველი ოკუპირებული რეგიონების კვლავაც მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 48 % (88 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტში“ დაახლოებით 90 % (121 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება ნოყიერ ნიადაგს ქმნის უკანონო ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის.

”ამ მხრივ, გამოსაყოფია ბოლო პერიოდში დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერების გააქტიურება უკრაინაში, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის კუთხით. აღნიშნული მიმართულებით ნიშანდობლივია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსული საბანკო სექტორის წარმომადგენლობის ოპერირება, რომელიც არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია, ზემოხსენებულ უკანონო ფინანსურ ოპერაციებში აქტიურად იყოს ჩართული”, - ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა