სუს-ი - 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ”საზღვრის” უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 ადამიანი დააკავეს უკანონოდ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2017 წლის ანგარიშში მიუთითებს, კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება საოკუპაციო ხაზების გასწვრივ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის წარმოება.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდმა მკაფიოდ აჩვენა, რომ აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ძალების მიერ დე ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული და მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების ე.წ. საზღვრების „დელიმიტაციის“ და „დემარკაციის“ პროცესში „ჩათრევას“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 52 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

„2017 წელს კიდევ ორი დამატებითი ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის („ხურჩა-ნაბაკევი“ და „ორსანტია-ოტობაია“) დახურვა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკუპირებული გალის რაიონიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ინტერაქციის შეზღუდვას”, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშის თანახმად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის „ბინადრობის უფლების“ მინიჭების საკითხზე დაწესებული შეზღუდვები, ოკუპირებული გალის რაიონისა და ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების ნაწილობრივ აკრძალვა და 2017 წელს ცხინვალის რეგიონში (სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი და ფრისი) დევნილი ქართველების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული ნგრევა.

სუს-ი ანგარიშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებასა და ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არარსებობას ასახელებს.

”ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების იდენტიფიცირების, მათი მაქსიმალური განეიტრალების და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს, აქტიურად თანამშრომლობდა და მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების სამსახური, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ახორციელებდა ადგილზე უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაციას”, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში ასევე ეხება ჟენევის მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმსაც. ”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურადაა ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში (2017 წელს გაიმართა დისკუსიების ოთხი რაუნდი - 39-ე, მე-40, 41-ე და 42-ე.). I სამუშაო ჯგუფში, სადაც უსაფრთხოების საკითხები განიხილება, სამსახურის სპეციალური წარმომადგენელი აკეთებს მოხსენებას ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ, რათა ადგილზე არსებული ვითარება ობიექტურად მიეწოდოს საერთაშორისო მედიატორების, თანათავმჯდომარეებისა და სხვა მონაწილეებისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არის წამყვანი უწყება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის შეხვედრებში, სადაც ის აქტიურად წარადგენს და განიხილავს იმ საკითხებს და ინციდენტებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში აქტიური და პრობლემურია, მათ შორის, დაკავებებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, „ბორდერიზაციის პროცესს“, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს, უკანონო სამხედრო წვრთნებს და ა.შ.

საანგარიშო პერიოდში გალში IPRM-ის 10, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (სოფელ ერგნეთში) 11 შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებზე მუდმივად განიხილებოდა სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიასა და ცხინვალის რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის საქმეები.

2017 წელს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობისა და მუდმივი მოლაპარაკებების შედეგად, გათავისუფლდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილი და გიორგი ლუკავა, რომელთაც 20 წლიანი „პატიმრობა“ ჰქონდათ „მისჯილი“. საანგარიშო პერიოდში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და IPRM-ის ფორმატის ფარგლებში შექმნილი ე.წ. „ცხელი ხაზი“ კვლავაც რჩება მომხდარი, ან პოტენციური ინციდენტების დარეგულირების და თავიდან აცილების 24-საათიანი კავშირის საშუალებად. 2017 წელს ჯამში „ცხელი ხაზი“ 1645-ჯერ იქნა გააქტიურებული”, - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM) თანამშრომლობას, რომელიც საქართველოში მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა.

”მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა მანდატით განსაზღვრული უფლება, ოკუპირებულ რეგიონებში განახორციელოს მონიტორინგი, ის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან ერთად) მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში კვლავაც ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE), ევროპის საბჭოს (CoE) წარმომადგენლობებთან თანამშრომლობას. უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებს იძიებს. უსაფრთხოების სამსახური ჩართულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ეგიდით ორგანიზებულ ე.წ. სამმხრივი შეხვედრების ფორმატში, რომელიც 90-იანი წლების კონფლიქტებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ პირთა მოძიებას ითვალისწინებს.

საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას აცნობდა პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 2017 წელს სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე სხვადასხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთა 45 ვიზიტს გაუწია ორგანიზება”, - ნათქვამია ანგარიშში.