სუს-ი 2017 წლის ანგარიშში პანკისის ხეობასა და გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებაც საუბრობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2017 წლის ანგარიშში პანკისის ხეობასა და გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებაც საუბრობს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ტერორისტებისა და მათი ადგილობრივი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.

”2017 წლის 21-22 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო ტერორისტის, აჰმედ ჩატაევისა და მისი კარგად ორგანიზებული, ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტერორისტული თავდასხმების მოწყობა. სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შესაძლებელი გახდა ჯგუფის აღმოჩენა და მათ წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. აჰმედ ჩატაევისა და მისი ე.წ. დაცვის წევრებთან გამართული შეტაკებისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრა 4 სამართალდამცველი. თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

მოგვიანებით გამოვლინდნენ ჩატაევის ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირებიც. 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონში, აღნიშნული პირების დაკავების მიზნით, ჩატარდა სპეცოპერაცია. დაკავებულია 5 პირი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ საერთაშორისო ტერორისტებისა და მათი ადგილობრივი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული ტერორისტული თავდასხმების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული”, - ნათქვამია ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება.

ამავე თავში საუბარია იმაზე, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 6 საქმეზე.

”გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, დადგინდა ტერორიზმთან შესაძლო კავშირის მქონე რამდენიმე ათასი პირი, რომლებმაც, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენება სცადონ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან. მიმდინარეობდა ოპერატიული და ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლა.

საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასება, ასევე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის პროცესი. ტაქტიკური მოქმედებების, გამნაღმვითი სამუშაოების, მასობრივი განადგურების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით განხორციელდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება/გადამზადება”, - ნათქვამია ანგარიშში.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს