სუს-ის ინფორმაცით, 2017 წელს კორუფციული დანაშაულისთვის 61 პირი მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2017 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, კორუფციასთან ბრძოლის შედეგებზე საუბრობს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა/პრევენცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. საჯარო უწყებებში კორუფციის არსებობა აფერხებს სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივას, ხელს უწყობს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას.

ამასთან, როგორც სუს-ში განმარტავენ, კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები, შესაძლოა, სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფების ან/და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საჯარო სამსახურებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ნიშნების გამოვლენის და თავიდან აცილების ღონისძიებების გატარებას.

”საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია არაერთი საჯარო მოხელე. მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი - გამოძალვით ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - ქრთამის აღების ფაქტზე. ასევე, ქრთამის აღების ფაქტებზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქართველო-აზერბაიჯანის საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი ინსპექტორი. 2017 წლის 7 მარტს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 50 000 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2017 წლის 5 აპრილს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი, რომელმაც ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 აშშ დოლარიდან, წინასწარ აიღო 7 500 აშშ დოლარი. 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, მხილებულ და დაკავებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, რომელმაც ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 აშშ დოლარიდან, წინასწარ აიღო 10 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 22 დეკემბერს, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებული არიან საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ წარმომადგენლები და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ჩაწყობილ მატჩებს. საერთო ჯამში, ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 36 000 ლარი შეადგინა”, - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 62 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების - 37, ქრთამის მიცემის - 1, თაღლითობის - 6, კომერციული მოსყიდვის - 3, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების - 4, მითვისების ან გაფლანგვის - 2, სამსახურებრივი გულგრილობის - 1 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 61 პირი სისხლის სამართლის 41 საქმეზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა