ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა - გამორიცხულია მოზარდს, რომელიც ჩემს შვილს ყავდა შებოჭილი, მისთვის 12 ჭრილობა მიეყენებინა

გამორიცხულია ადამიანს, რომელიც ჩემს შვილს ჰყავდა შებოჭილი, მისთვის 12 ჭრილობა მიეყენებინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განუცხადა. მისი თქმით, საქმეზე ჩატარებული ყველა სასამართლო პროცესის შემდეგ, უფრო და უფრო უმყარდება ის ეჭვი, რომ მისი შვილის მკვლელობაში კიდევ ორი მოზარდი მონაწილეობდა. სარალიძის თქმით, პრაქტიკულად დარწმუნებულია იმაში, რომ მოზარდი, რომელიც ამ საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, ინციდენტის უშუალო მონაწილე იყო. ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიების ეტაპზე მოწმეები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეს პირი მის შვილს ეჩხუბებოდა, თუმცა სასამართლოზე მათ ეს ჩვენება შეცვალეს.

„მ.კ. და გ.მ. უშუალოდ მონაწილეობდა ფარდულის ინციდენტში, აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით მათაც ჰქონდათ დანები და გამოიყენეს. გარდა ამისა, გ.მ-ს ტანსაცმელზე, რომელიც მოწმედ დაიკითხა, ამოვიდა ჩემი შვილის სისხლი. რაც შეეხება მ.კ.-ს ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ მას დანა ჰქონდა და ჩემს შვილს ურტყავდა. ბავშვები იტყუებიან და შეცვლილ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს. ერთმა მოწმემ გამოძიებაში მისცა ასეთი შინაარსის ჩვენება, რომ მ.კ. ჩემს შვილს ეჩხუბებოდა, მაგრამ სასამართლოზე განაცხადა, რომ ის ჩხუბის დროს უმოქმედოდ იდგა. მეორე მოწმემ პირდაპირ დაადო ხელი მ.კ.-ს და თქვა, რომ ის ჩემს შვილს მუშტს ურტყამდა კისერში, თუმცა მან სასამართლოში ეს ჩვენება შეცვალა. ვინაიდან ჩემს შვილს შებოჭილი ყავდა მკვლელობაში ბრალდებული, გამორიცხულია, რომ მას 12 ჭრილობა მიეყენებინა ჩემი შვილისთვის“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო