სოფიო ქაცარავა - ახალი ინიციატივა გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედით განხორციელებას შეუწყობს ხელს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას შეფასებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ახალი სამშვიდობო ინიციატივა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედით განხორციელებას შეუწყობს ხელს.

როგორც ქაცარავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადამ, ის სრულად უჭერს მხარს ახალ სამშვიდობო ინიციატივას.

„ეს არის ძალიან სწორი, დროული და გააზრებული ნაბიჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ჩვენ მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედით განხორციელებას და იქნება უფრო კონკრეტული შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული. სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ამ ინიციატივას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმისკენ, რომ თანაბარი შესაძლებლობები შევუქმნათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა - ჰუმანიტარული, სავაჭრო, ეკონომიკური და საგანმანათლებლო საკითხები და ასევე საშუალება მივცეთ მათ ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელიც ახლავს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ დავიწყებთ ამ ინიციატივის განხილვას საპარლამენტო ფორმატებში, თუმცა აქამდეც ძალიან აქტიურდა ვიყავით ჩართულები საკონსულტაციო პროცესში. მინდა გამოვხატო ჩემი მყარი პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი და ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებზე დაფუძნებული მიდგომა. მე სრულად ვუჭერ ამ ინიციატივას მხარს, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, რომელთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესის განხორციელება მოხდეს კიდევ უფრო ეფექტურად“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ და აქვე დასძინა, რომ სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას.

პრემეირის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

პირველი - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით.

მე-2 - ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

მე-3 - ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, როგორიცაა უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.