ანრი ოხანაშვილი ”გირგვლიანის შესწორებებზე” - პრეზიდენტი ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის სახელწოდებას ამოეფარა

გაუგებარია, რა კავშირია პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ “ადვოკატთა ასოციაციასთან“ გაფორმებულ მემორანდუმსა და “გირგვლიანის შესწორებებს“ შორის - პრეზიდენტი ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის სახელწოდებას ამოეფარა, - აღნიშნული განაცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისი განმარტებით, “გირგვლიანის შესწორებების“ მიზანი, რომლითაც ცვლილებები “სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, არის სისტემური დანაშაულის პრევენცია, რასაც 2012 წლის არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი.

”ეს არის ისტორიული ცვლილებები, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ სისტემური დანაშაულის პრევენცია უნდა მოახდინოს. ყველას მოგეხსენებათ, რა სახის დანაშაულებს ჰქონდა ადგილი, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან გაიცემოდა ბრძანება და დავალება, ადამიანის საკუთრების უფლების ხელყოფის, პირადი ცხოვრების საიდუმლეობის ხელყოფის, ცემის, წამების, ჯამრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, მკვლელობის, გაუპატიურების შესახებ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, როცა ამას სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი შტოები ახორციელებს. ამასთან, ჩვენ ცვლილებებით ვახდენთ პრევენციას, რომ აღარასდროს განმეორდეს უმაღლეს თანამდებობის პირთა შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ, რასაც სანდრო გირგვლიანის საქმეში ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიერ “ადვოკატთა ასოციაციასთან“ გაფორმებულ მემორანდუმს - სათაურით, “გირგვლიანის შესწორებები“, ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის სახელწოდებას ამოეფარა.

“ფაქტია, რომ მათ მოეწონათ ეს ინიციატივა და სახელწოდება. ეს ჩანს იმაში, რომ ერთი-ერთში გადაიტანეს სათუარი, თუმცა ვერ შეძლეს კავშირის დადგენა - რა კავშირი აქვს მემორანდუმს “გირგვლიანის შესწორებებთან“. ზოგადად, რა თქმა უნდა, მივესალმები ნებისმიერი ადამიანის უფლებების დაცვას, მათ შორის ადვოკატთა უფლებების დაცვას, თუმცა მათ ვერ შეძლეს კავშირი დაენახათ “გირგვლიანის შესწორებების“ სათაურით წარმოდგენილ მემორანდუმს და იმ შინაარს შორის, რაც მათ წარმოადგინეს. ეს კავშირი გაუგებარია ბევრი სხვა გამოცდილი პოლიტიკოსისთვის თუ იურისტისთვის. მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.