ენძელა მაჭავარიანი - ეთიკის კოდექსი ზღუდავს პარლამენტის წევრის უფლებას, დემოკრატიას და არ ამაღლებს პარლამენტის არც იმიჯს და არც მუშაობის ხარისხს

“ქართული ოცნების“ დეპუტატის ენძელა მაჭავარიანის შეფასებით, პარლამენტი ეთიკის კოდექსის სახით გაუგებარ დოკუმენტს იღებს.

“არაეთიკურია, როცა ეთიკის კოდექსი სანქცირებულია. რა კავშირშია რეგლამენტით დადგენილი წესები ჩემს ზნეობრივ შეხედულებებთან? ეთიკის კოდექსს სრულიად გაუგებარ დოკუმენტს ვარქმევთ. გარდა ამისა, გვთავაზობთ, შეიქმნას ეთიკის საბჭო მშობელთა კრებასავით. მიმაჩნია, ეს დოკუმენტი ზღუდავს პარლამენტის წევრის უფლებას, ზღუდავს დემოკრატიას და არ აამაღლებს პარლამენტის არც იმიჯს და არც მუშაობის ხარისხს“, - განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული დეპუტატების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მომზადებული ეთიკის კოდექსი ზღუდავს პარლამენტის წევრის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. ასევე, გამოთქვა უარყოფითი პოზიცია პროექტით განსაზღვრულ სანქციერების მექანიზმთან და ეთიკის საბჭოს შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით.

პარლამენტი დეპუტატის ეთიკის კოდექსის მიღებაზე მსჯელობს. პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განხილვისთვის წარდგენილია პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები და ასევე, დადგენილების პროექტი - პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიიღების შესახებ, რომელსაც დეპუტატებს ირინა ფრუიძე აცნობს.

ეთიკის კოდექსი არეგულირებს პარლამენტის წევრის ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე და განსაზღვრავს წესებს, რომლებიც მან უნდა გაითვალისწინოს თავის საქმიანობაში და ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.

საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელებისას პარლამენტის წევრი ხელმძღვანელობს შემდეგი ძირითადი პრინციპებით: კანონიერება და ერთგულება, თანასწორობა, კეთილსინდისიერება, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა.

ეთიკის კოდექსი ასევე განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, რომელთაც ეთიკის საბჭო განიხილავს. ეთიკის საბჭო მხოლოდ პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტდება და იგი კოდექსის აღსრულების მთავარი ინსტრუმენტი იქნება, რომელიც ეთიკის კოდექსის მონიტორინგს და კონტროლს განახორციელებს.

პარლამენტის წევრის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, დისციპლინური სანქციები შეიძლება იყოს: სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება; ხელფასის დაკავება (ხელფასის 10%-დან - მაქსიმუმ 50%-ის ოდენობით); ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება (მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს