ზურაბ პატარაძე ქართულ-პოლონურ ბიზნეს ფორუმს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო „ჰილტონში“ ქართულ-პოლონურ ბიზნეს ფორუმს „ბათუმი-ვროცლავი“ დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ფორუმს აჭარაში ვიზიტით მყოფი ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციის წევრები, სილეზიის ვიცე-მარშალი ივონა კრავჩუკი და პოლონური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე და რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა. ფორუმის მონაწილეები სპეციალური პრეზენტაციებით აჭარისა და ქვემო სილეზიის საინვესტიციო, ტურისტულ და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალსაც გაეცნენ. შეხვედრის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები (B2B) გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ბიზნესფორუმს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი სულხან ღლონტი, აჭარასა და ქვემო სილეზიაში მოქმედი კომპანიების (ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში) 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ზურაბ პატარაძე ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„დღევანდელი ფორუმი არის საუკეთესო შესაძლებლობა დამყარდეს პირდაპირი კონტაქტი პოლონელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის, დაიგეგმოს და განხორციელდეს ერთობლივი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას, ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, - აცხადებს ზურაბ პატარაძე.

ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაცია აჭარას 5 აპრილს დატოვებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს