რომან კაკულია - ამ ეტაპზე, უმრავლესობიდან დეპუტატების გადინებების ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა სამომავლოდ როგორი განვითარება იქნება, ვერ ვიტყვი

ამ ეტაპზე, უმრავლესობიდან დეპუტატების გადინებების ნიშნები არ შეიმჩნევა, თუმცა სამომავლოდ როგორი განვითარება იქნება, ვერ ვიტყვი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა.

დეპუტატი გედევან ფოფხაძის უმრავლოსობიდან გასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევისთვის მხარი არ დაუჭერია და თავი შეიკავა.

“პირადი დამოკიდებულება არსებობს და ამ შემთხვევაში ადამიანმა საკუთარი შეხედულებიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელოს. განსხვავებული პოზიციების ქონა წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან უმრავლესობაში ბევრი დეპუტატია, ვისთანაც მიმდინარე საკითხებზე ერთი ხედვა ვერ იქნება. ამაში ტრაგედია არაფერია. რაც შეეხება ფოფხაძეს, მან პირადი გადაწყვეტილება მიიღო. ასეთ დროს უფრო მეტი კონსულტაციაა საჭირო გუნდის შიგნით, მაგრამ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

როცა ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ბუნებრივია, ეს ერთი კონკრეტული ფაქტის გამო ვერ იქნება მიღებული. ალბათ იყო ტენდენციები, რომელიც უფრო დიდი დროის განმავლობაში ყალიბდება. გუნდში მზაობაა, რომ კონსულტაციების ხარისხი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს, რათა პოზიციების უფრო მეტი შეჯერება მოხდეს. განსხვავებები შეიძლება აქციო როგორც პოზიტივად, ასევე ნეგატივად. თუ ნება და მართვის გამოცდილება იქნება, ეს შეიძლება იმ სიმდიდრედ იქცეს, რასაც სამომავლოდ განვითარება დაეფუძნება. საქართველოში სხვადასხვა მსოფლმხედველობითი ადამიანების გაერთიანება და საერთო ხედვის ჩამოყალიბება თუ არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება. ის, რომ ამის შესაძლებლობა "ქართულ ოცნებაში" არის, ეს პოზიტივია და ამას მხოლოდ გამოყენება უნდა. "ლიდერშიფის" გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ "ქართული ოცნების" თითოეული წევრი თავის თავს დიდ თავისუფლებას აძლევს და ეს "ლიდერშიფის" დამსახურებაცაა, რადგან ის დრო გვახსოვს, როცა ეს დიდი ფუფუნება იყო. ეს რაში გადაიზრდება, დამოკიდებულია "ლიდერშიფის" მოქნილობასა და სიბრძნეზე", - განაცხადა რომან კაკულიამ.

თუ “ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ მაუწყებლის ბორდის წევრად ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა. დეპუტატმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მისთვის ნინია კაკაბაძის კანდიდატურა მიუღებელია.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს