მოსამართლე ელისონ დანქენი ქართველ მოსამართლე ქალებს შეხვდა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ამერიკელმა მოსამართლემ ელისონ ქეი დანქენმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, საქართველოს სასამართლო კორპუსის წარმომადგენელ მოსამართლე ქალბატონებთან შეხვედრა გამართა. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მოსამართლე დანქენს საქართველოში სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრებისათვის, რომელთაც დიდი დაინტერესება მოჰყვა. უზენაესი სასამართოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო გვენეტაძემ ხაზი გაუსვა, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის მნიშვნელობას, რის ფარგლებშიც ხორციელდება უცხოელ მოსამართლეთა სამუშაო ვიზიტები და შეხვედრები ქართველ მოსამართლეებთან და ქართველი მოსამართლეების ვიზიტები ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთი თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრებისათვის, ასევე ხელს უწყობს მისი ფუნქციონირების საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ნინო გვენეტაძემ გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG)-ის ფარგლებში ქართველ მოსამართლე ქალთა ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი შეხვედრა შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, მსოფლიოში ცნობილ ქალბატონ რუთ გინზბურგთან. როგორც აღინიშნა, უახლოეს ხანში დაგეგმილია ქართველ მოსამართლეთა კიდევ ერთი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს და განავითარებს პროფესიულ ურთიერთობებს ქართველ და ამერიკელ მოსამართლეებს შორის. მოსამართლე ელისონ დანქენმა საინტერესოდ ისაუბრა კონკრეტულ მაგალითებზე, თუ როგორ შეიძლება იყოს წარმატებული მოსამართლე ქალი თავის ძირითად პოზიციაზე, ოჯახში და საზოგადოებრივ საქმინაობაში, რა პრობლემებს აწყდებოდნენ ქალბატონები თავისი მდგომარეობისა და კანის ფერის გამო საზოგადოებაში და სასამართლო სისტემაში თავის დამკვიდრებისათვის. სასამართლო სისტემაში ქალთა როლის გააქტიურებისა და წარმოჩენის შესახებ კონკრეტული წინადადებები გამოთქვეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ალანიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ,,კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG)-ის ფარგლებში, ამერიკის მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი საქართველოს რამდენიმე დღეა სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც სტუმარი მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუამ. ამერიკელი მოსამართლე ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას. მოსამართლე ელისონ ქეი დანქენი, აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარდგინებით 2003 წლის 15 აგვისტოს. მოსამართლე დანქენმა სწრაფად მოიპოვა აშშ-ს ორივე პარტიის მხარდაჭერა და მოსამართლედ წარდგენიდან სენატმა მალევე დაამტკიცა მისი კანდიდატურა აშშ-ს ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. სენატორმა ჯონ ედვარდსმა მის შესახებ აღნიშნა ,,იგი არის საოცარი ინტელექტისა და შესაძლებლობების მქონე ქალი, რომელიც პატივს სცემს კანონს, იბრძვის სამართლიანობისათვის და არასდროს იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“. მოსამართლე დანქენი პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელიც მოსამართლედ დაინიშნა ჩრდილოეთ კაროლინას სააპელაციო სასამართლოში და რომელიც არჩეულ იქნა ჩრდილოეთ კაროლინას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად. მოსამართლე დანქენი თავმჯდომარეობს აშშ-ს მოსამართლეთა კონფერენციის მართლმსაჯულების სექტორის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა