გია ჟორჟოლიანი ბექა ნაცვლიშვილის უმრავლესობიდან შესაძლო გასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ–დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი თანაგუნდელის, ბექა ნაცვლიშვილის უმრავლესობიდან შესაძლო გასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

როგორც ჟორჟოლიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, უმრავლესობაში მყოფ „სოციალ–დემოკრატებს“ მთელ რიგ პროგრამულ და პლატფორმულ საკითხებზე აქვს განსხვავებული პოზიციები, თუმცა ამის მიუხედავად, უმრავლესობის ფარგლებში თანამშრომლობას განაგრძობენ და მათთვის პერსონალური ხასიათის საკითხები არსებითი არ არის.

„ინფორმაცია ბექა ნაცვლიშვილის უმრავლესობიდან გასვლის შესახებ ტყუილია. ასეთ რამეს გამოვრიცხავ. „სოციალ–დემოკრატების“ ფრაქციას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის მხარი არ დაგვიჭერია. მე ასე ვიტყოდი, უმრავლესობაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ერთგვარად პლურალისტური უმრავლესობაა. ჩვენ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სერიოზული განსხვავებები გვაქვს მთელ რიგ ჯგუფებთან, ვინც უმრავლესობაშია წარმოდგენილი. გვაქვს სერიოზული პროგრამული განსხვავებები, მაგრამ არსებულ ვითარებაში ჩვენ ვთანამშრომლობთ უმრავლესობაში წარმოდგენილ ხალხთან და თანამშრომლობის რეჟიმს განვაგრძობთ. პერსონალური ტიპის საკითხები კი ჩვენთვის არსებითი არ არის. თუმცა, მოდის არჩევნები და ვნახოთ, როგორ წავა საქმე“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.