კარლო კოპალიანი - როცა ერთსა და იმავე კანდიდატურას ცხვირში გატენიან და სპეციალურად პროვოკაციაზე მოდიან, ასეთ კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭირო

როცა ერთსა და იმავე კანდიდატურას ცხვირში გატენიან და სპეციალურად პროვოკაციაზე მოდიან, ასეთ კანდიდატურას მხარი არ უნდა დაუჭირო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კარლო კოპალიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, თუ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის იარსებებდა შეთანხმება, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წარდგენილი ყველა კანდიდატის ორპარტიულ მხარდაჭერაზე, კაკაბაძეს უმრავლესობის მეტი დეპუტატი დაუჭერდა მხარს.

“საინტერესოა, რატომ არ შეცვალა ოპოზიციამ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა, როცა მისი კანდიდატურა პარლამენტში ორჯერ არის ჩავარდნილი. ამასთან, თუკი საუბარია იმაზე, რომ ნინია კაკაბაძე სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის კვოტით იყო წარდგენილი, უმრავლესობის კვოტით ჩვენ ზაზა შათირიშვილი ავირჩიეთ - მაშინ უმცირესობასაც მიეცა ხმა ზაზა შათირიშვილისთვის და ყოველდღე არ ელანძღათ და არ ეძახათ, რომ შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილის მეხოტბეა. თუკი საუბარია წარდგენილი კანდიდატურების ორპარტიულად არჩევასა და ორპარტიულ მხარდაჭერაზე, ორპარტიულად აერჩიათ შათირიშვილი და ორპარტიულად ავირჩევდით მათ კანდიდატურასაც. ესე იგი, კვოტა არის მათთვის და ჩვენთვის არ არსებობს?! გარდა ამისა, მათ შეიძლება ისეთი კანდიდატურა წარმოედგინათ, რომელიც ასეთი ოდიოზური არ იქნებოდა, როცა გუშინ საღამომდე ლანძღავს და თათხავს პატრიარქს. საქართველოში ამდენი მორწმუნეა და როგორც დაიცავს ნინია კაკაბაძე ვინმეს უფლებებს ბორდში, როცა მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიურ აღმსარებლობას პატივს არ სცემს“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

გუშინ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უმცირესობის კვოტით ნინია კაკაბაძე აირჩია. კაკაბაძის არჩევას დეპუტატი გედევან ფოფხაძე კრიტიკით შეხვდა. მან უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო