ამირან სალუქვაძე - ჯერ ის მასშტაბები არ არის, რომ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა რაიმე ზეგავლენა იქონიოს საქართველოსა და ზოგადად კავკასიაზე

ჯერ ის მასშტაბები არ არის, რომ სირიაში განვითარებულმა მოვლენებმა რაიმე ზეგავლენა იქონიოს საქართველოსა და ზოგადად კავკასიაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანალიტიკომა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ განუცხადა. ექსპერტმა სირიაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა, სადაც დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა.

„რაც შეეხება საქართველოს და ზოგადად კავკასიას, ჯერ ეს მასშტაბები არ არის, რომ რაიმე ზეგავლენა იქონიოს კავკასიაზე. ამ ეტაპზე რუსეთს არანაირი საბაბი არ აქვს, რომ სხვა მიმართულებით იმოქმედოს. თუმცა სხვა რეგიონებში გააქტიურება ეს იქნება საქართველო თუ უკრაინა, გამორიცხული არ არის, მაგრამ ისინი ამას, ასე სწრაფად და პირდაპირ, რა თქმა უნდა, არ განახორციელებენ, რადგან ეს არ იქნება ადეკვატურად აღქმული დასავლეთის მხრიდან. რუსეთის ნებისმიერ აქტივობას წინ ყოველთვის უძღვის საინფორმაციო ომი და საკუთარი ქმედებების ასე ვთქვათ, დასაბუთება, როგორც ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომის წინ. მაშინ ყველა არხზე, მთელი საინფორმაციო სიცრუის ტალღა იყო წამოსული რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

რაც შეეხება საკითხს, არის თუ არა საჭირო, საქართველომ რაიმე ტიპის მხარდაჭერა გამოხატოს კოალიციური ქვეყნების მიმართ, რომლის შემადგენლობაში აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედიან, სამხედრო ექსპერტის მოსაზრებით, კონკრეტულად ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვის აუცილებლობა არ დგას.

„ზედმეტი ემოციები საჭირო არ არის, საქართველო ისედაც მხარს უჭერს საერეთაშორისო საზოგადოებას ტერორიზმთან ბრძოლაში. რაც შეეხება ქიმიური იარაღის გამოყენებას, ცივილიზებული მსოფლიოს პოზიცია ისედაც გასაგებია და საქართველოც, რა თქმა უნდა, უერთდება იმ მიდგომებს, რომ ქიმიური იარაღი განადგურებული უნდა იქნას და არ შეიძლება მისი გამოყენება“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ანალიტიკოსი გამორიცხავს, რომ სირიაში განვითარებულმა მოვლენემა უფრო ფართო მასშტაბები შეიძინოს.

„ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მესამე მსოფლიო ომთან დაკავშირებით წერს. არათუ მესამე მსოფლიო ომს, რეგიონალური ომის მასშტაბამდეც კი არ გადავა. ჩემი აზრით, სირიის ფარგლებში გაგრძელდება, დაახლოებით ისე, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. თვითონ ეს ფაზა მოსალოდნელი იყო, ანუ ძირითად მოთამაშეთა დაპირისპირებები სირიაში. ფაქტობრივად, რუსეთს უპირისპირდება დასავლეთი. განსაკუთრებით აშშ, როგორც ასადის რეჟმის მხარდამჭერ ძალას. ამ დაპირისპირებასთან გვაქვს ჩვენ ადგილი” - განაცხადა სალუქვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო