კოალიციის ოპერაციის მიზანი ასადის რეჟიმის დასუსტება და თან რუსეთისთვის თავისი ადგილის მიჩენა იყო

კოალიციის მიერ სირიაში განხორციელებული ოპერაციის სამხედრო-პოლიტიკურ შედეგებსა და იმაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება მისი შედეგები უკრაინასა და საქართველოზე, ”ინტერპრესნიუსი” მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვან სპეციალისტს, ცნობილ რუს აღმოსავლეთმცოდნეს, ალექსეი მალაშენკოს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, მას შემდეგ რაც კოალიციამ სირიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, მის შედეგებზე დაპირისპირებული მხარეები განხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. მხედველობაში მაქვს, რომ რუსეთის გენშტაბის ინფორმაციით, სირიის საჰაერო სისტემებმა უამრავი ამერიკულ-ბრიტანული რაკეტა გაანადგურეს, ხოლო ვაშინგტონის მტკიცებით, სირიაზე გაშვებული 105 რაკეტიდან მიზანს 103 მოხვდა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარის სამხედრო და პოლიტიკურ ასპექტებს?

- სირიაში განვითარებული მოვლენების სამხედრო და პოლიტიკური ასპექტების შეფასება ნაადრევია, ვინაიდან ოპერაცია გრძელდება და ჯერაც არ დასრულებულა. ახლა მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ამერიკულ-ბრიტანულ-ფრანგული საჰაერო დარტყმები იყო ზუსტი. კარგია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ძალიან არ დაზარალებულა.

არ მჯერა, რომ სირიელებმა ამერიკული რაკეტები ჩამოაგდეს. რუსეთმა თავისი სისტემები დასაბომბად განწირული ტერიტორიებიდან გაიყვანა... სირიელებს რამდენიც არ უნდა ასწავლო, ამის გამკეთებლები არ არიან. სირიის დღევანდელი სამხედროები სსრკ-ს ბოლო პერიოდში რომ სამხედრო ქვედანაყოფები ჰყავდა, იმაზე გაცილებით უარესად არიან მომზადებული

სირიელების მტკიცებით, მათ თითქმის რაკეტების ნახევარზე მეტი ჩამოგდეს. მე არ მჯერა, რომ სირიელებმა ამერიკული რაკეტები ჩამოაგდეს. რუსეთმა თავისი სისტემები დასაბომბად განწირული ტერიტორიებიდან გაიყვანა. სირიელებს რამდენიც არ უნდა ასწავლო, ამის გამკეთებლები არ არიან. სირიის დღევანდელი სამხედროები სსრკ-ს ბოლო პერიოდში რომ სამხედრო ქვედანაყოფები ჰყავდა, იმაზე გაცილებით უარესად არიან მომზადებული.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ სირიაზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად გარკვეული სამხედრო მიზნები იქნა მიღწეული, მაგრამ ოპერაცია გრძელდება. თუ კოალიციას მხოლოდ ის სამხედრო მიზნები ჰქონდა - მხედველობაში მაქვს სირიის ქიმიური იარაღის განადგურება, მაშინ აშკარაა, რომ კოალიციის მიზანი არა ბაშარ ასადის, არამედ რუსეთისა და პირადად პუტინის დასჯა იყო.

თუ ოპერაციის მიზანი ასევე იყო რაღაცნაირად მოიშორონ ბაშარ ასადი, ჩემი დაკვირვებით, სირიაში მომხდარმა შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს ბაშარ ასადის მიმართ - სირიაშიც კი ხვდებიან უკვე, რომ სირიის კონფლიქტის მშვიდობიანად მოწესრიგების გზაზე იგი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.

სირიაში იგი ძალიან პოპულარული არც მანამდე ყოფილა. თუ ოპერაციის შედეგად ბაშარ ასადის რეჟიმი დასუსტდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ამ ოპერაციის პოლიტიკური მიზანი გარკვეულ წილად ნაწილობრივ მაინცაა შესრულებული. თუ ყველაფერი ისევ ძველებურად დარჩა, შედეგებში დარჩება მხოლოდ კიდევ ერთხელ რუსეთის დასჯა.

- ვაშინგტონის განმარტებით, ოპერაცია იმის გამო ჩატარდა, რომ რუსეთი მხარს უჭერს სირიის ლიდერს, რომელმაც ქიმიური იარაღი გამოიყენა. რუსეთმა თუ არ ვცდები 2011 წელს განაცხადა, რომ სირიას ქიმიური იარაღი არ აქვს. თუ ოპერაციის მთავარი მიზანი და პრობლემა მართლაც რუსეთისა და მისი ლიდერის დასჯა იყო, ფაქტია, რომ კრემლი ამას აშკარად არ იმჩნევს.

- როცა საქმე სირიას ეხება, მხოლოდ ერთი პრობლემა არაა. სავარაუდოდ, კოალიციის ოპერაციის მიზანი ასადის რეჟიმის დასუსტება და თან რუსეთისთვის თავისი ადგილის მიჩენა იყო.

- ანუ, თვლით, რომ კოალიციამ თავის მიზნებს მიაღწია?

- ჩემი აზრით, კოალიციის მიერ სირიაში ოპერაციის შემდეგ რუსეთი საკმაოდ რთულ ვითარებაშია აღმოჩენილი. რუსეთი იძულებული იყო არ მიეღო მონაწილეობა და თავად არ ჩარეულიყო სამხედრო კონფლიქტში. რუსეთს ასადი ბედის ანაბარა არ მიუტოვებია, მაგრამ მას ანახა, ჩვენ შენ კი გიცავთ, მაგრამ შენდამი ჩვენს მხარდაჭერასაც აქვს გარკვეული საზღვრები - შენთვის, ჩვენთვის საყვარელისთვის, ამერიკელებთან ბრძოლაში ჩვენ არ ჩავებმებით.

რუსეთი საკმაოდ რთულ ვითარებაშია აღმოჩენილი. რუსეთი იძულებული იყო არ მიეღო მონაწილეობა და თავად არ ჩარეულიყო სამხედრო კონფლიქტში. რუსეთს ასადი ბედის ანაბარა არ მიუტოვებია, მაგრამ მას ანახა, რომ მის გამო ამერიკელებთან ბრძოლაში არ ჩაებმებიან

არც ამერიკელებს სურდათ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტი. ამიტომაც იყო, რომ ამერიკელებმა რუსეთი წინასწარ გააფრთხილეს, რუსეთმა თავისი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა იმ სამიზნებს განარიდა და გაიყვანა იქიდან, რაზეც კოალიცია საჰაერო დარტყმების განხორციელებას გეგმავდა. სხვათა შორის, შარშანაც ასე მოხდა. უბრალოდ, წელს მასშტაბები გაცილებით დიდი იყო.

- თქვენი აზრით, რა გავლენას იქონიებს ჩატარებული ოპერაცია სირიაში ძალთა განლაგებაზე? სირია ხომ პრაქტიკულად გავლენის ზონებადაა დაყოფილი.

- ვნახოთ, საბოლოოდ ეს ყველაფერი რით დასრულდება. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს ასადის რეჟიმი დასუსტდება თუ არა, ფაქტია, რომ სირიაში სამოქალაქო ომი გაგრძელდება.

სირიაში სამოქალაქო ომი ეთნიკური და რელიგიური ნიშნითაც მიმდინარეობს. ამიტომ, უახლოეს მომავალში სირიაში რაიმე კარგის მოლოდინი არ მაქვს

სამწუხაროდ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო ომის ფარგლებში სირიაში ადამიანების კვლა კვლავ გაგრძელდება. მომხდარში მხარეები გააგრძელებენ ერთმანეთის დადანაშაულებას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სირიაში სამოქალაქო ომი ეთნიკური და რელიგიური ნიშნითაც მიმდინარეობს. ამიტომ, უახლოეს მომავალში სირიაში რამე კარგის მოლოდინი არ მაქვს.

- რას შეიძლება ნიშნავდეს, რომ თურქეთმა კოალიციის ოპერაციას მხარი დაუჭირა? დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ოპერაციის შედეგი შესაძლოა ისიც იყოს, რომ ის აღმოჩნდეს რუსულ-ირანულ-თურქული კოალიციის დაშლის დასაწყისი. თქვენც ასე ვვარაუდობთ?

- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რეალურად ეს კოალიცია კოლიაციაც არასოდეს ყოფილა. მათ შორის იყო მიღწეული შეთანხმებები გარკვეულ საკითხებზე, კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთისთვის სოლიდარულობისა და დახმარების აღმოჩენაზე, მაგრამ თითოეულ მათგანს თავისი ინტერესები ჰქონდა.

საკმარისია ითქვას, რომ თურქები, რუსეთისაგან განსხვავებით, ასადის კატეგორიული მოწინააღმდეგეები არიან. სწორედ თურქებისა და მათთან დაპირისპირებული სირიელი ქურთების პოზიციამ განაპირობა ის, რომ დღეისათვის სირია პრაქტიკულად გავლენის ზონებადაა დაყოფილი.

თუ ბაშარ ასადი წავა ან მას მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა, არ ვიცი სირიაში რუსეთის გავლენის ზონად რა ტერიტორიები დარჩება... ასევე გაუგებარია, რას გააკეთებს ირანი სირიაში ასადის გარეშე. ვგულისხმობ საკითხის რელიგიურ კონტექსტს. მოკლედ, სირიაში ის ბარდაგი გაგრძელდება, რაც აქამდე იყო

თუ ბაშარ ასადი წავა ან მას მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა, არ ვიცი სირიაში რუსეთის გავლენის ზონად რა ტერიტოერიები დარჩება. დღეს ასადი სირიის ჩრდილოეთ ნაწილს, გარკვეულ წილად ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორიებს აკონტროლებს. ასევე გაუგებარია რას გააკეთებს ირანი სირიაში ასადის გარეშე. ვგულისხმობ საკითხის რელიგიურ კონტექსტს. მოკლედ, სირიაში ის ბარდაგი გაგრძელდება, რაც აქამდე იყო.

- საინტერესო ისაა, რომ ანკარამ კოალიციას მას შემდეგ დაუჭირა მხარი, რაც თურქეთი სირიის აფრინის რაიონს დაეპატრონა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ რუსეთს თურქეთისთვის არ შეუშლია ხელი სირიის აფრინის პროვინციაში საჰაერო დარტმები განეხორციელებინა. როგორც ჩანს, აფრინის პროვინციაში ყოფნაზე ანკარამ თანხმობა ახლა კოალიციის ან აშშ-ს მხრიდანაც მიიღოო. თქვენი დაკვირვებით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ თურქეთი აშშ-სკენ შემობრუნდა?

- საქმე ისაა, რომ თურქეთი არასდროს არავისკენ არ შებრუნდება, რადგან იგი რეგიონში თავის თამაშს ცდილობს. ანკარა თავისი ნაციონალურ-სახელმწიფოებრივი ინტერესებით ხელმძღვანელობს, ამიტომ მისგან ორმაგი თამაშებიც არ უნდა იყოს გასაკვირი. თურქეთს რუსეთთან საკმაოდ კარგი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, თუ ასადთან დაკავშირებულ საკითხს არ ჩავთვლით, მათი ინტერესები სირიაში მეტ-ნაკლებად თანხვედრაში იყო.

ანკარის თამაშები მოსკოვთან თურქეთისთვის აშშ-ზე ზეწოლის ინსტრუმენტია... ერდოღან-პუტინის დაახლოება სწორედ იმ დროს ხდებოდა, როცა ერთსაც და მეორესაც დასავლეთის ლიდერებთან ურთიერთობის პრობლემები ჰქონდათ და ახლაც აქვთ

სხვათა შორის, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ანკარის თამაშები მოსკოვთან თურქეთისთვის აშშ-ზე ზეწოლის ინსტრუმენტია. იმის გამო, რომ ერდოღანი არავის უყვარს და იგი ძალიან ბევრი დასავლელი ლიდერისთვის მიუღებელი იყო და ახლაც ასეთად რჩება, მან თამაში იმასთან არჩია, ვისაც იგი ამ ეტაპზე სჭირდებოდა. ვგულისხმობ პუტინს. ერდოღან-პუტინის დაახლოება სწორედ იმ დროს ხდებოდა როცა ერთასაც და მეოერესაც დასავლეთის ლიდერებთან ურთიერთობის პრობლემები ჰქონდათ და ახლაც აქვთ.

- ოპერაციის ჩატარებამდე აშშ-ს გაცხადებული ჰქონდა, რომ ამერიკა სირიიდან გავიდოდა. ოპერაციის დასრულების შემდეგ ვაშინგტონმა კვლავაც დაადასტურა, რომ იგი თავის ქვედანაყოფებს სირიიდან გაიყვანს. ასადმა სწორედ მაშინ გამოიყენა ქიმიური იარაღი, როცა ვაშინგტონი სირიიდან გასვლის შესახებ განცხადებებს აკეთებდა. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სირიიდან ამერიკელების გასვლა რუსეთსაც არ უნდა. თქვენც ასე ფიქრობთ?

- გითხრათ სიმართლე, მე არ ვიცი რა უნდა პუტინს. ფაქტია, რომ მას ამ ეტაპზე ერთი ამოცანა აქვს - საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი აქტუალური იყოს.

კრემლის აზრით, სირიაში რუსეთის ყოფნა მოსახლეობაში ამტკიცებს მოსაზრებას, რომ რუსეთი ალყაში მოქცეული ციხე-სიმაგრეა. ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებული ხალხი კი დარაზმული და მობილიზებული უნდა იყოს პუტინის ირგვლივ. ასე რომ, რაც უფრო დიდხანს არ იქნება მშვიდობა სირიაში, კრემლის ინტერესებშია.

- ბრძანეთ, ასადის ხელისუფლებაში ყოფნის პერსპექტივა გაურკვეველია და ასევე გაურკვეველია სირიაში რუსეთის ყოფნის პერსპექტივა. ფაქტია, რომ თუ რუსეთს სირიაში ასადის შენარჩუნება უნდა, იმ ნაწილში მაინც, რომელსაც ის აკონტროლებს უნდა დაიწყოს დანგრეული სირიის აღდგენა, რასაც სხვადასხვა გათვლებით 160-180 მილიარდი აშშ დოლარი სჭირდება. რუსეთს რომ ასეთი ფინანსები არა აქვს ეგეც ფაქტია.

- სირიაში ყოფნა რუსეთს აძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ რუსეთი ზესახელმწიფოა, იგი, როგორც ხელისუფლება ამტკიცებს, „მუხლებიდან წამოდგა“ და აწარმოებს ბრძოლას ამერიკელების წინააღმდეგ.

სირიაში რუსეთის აქტიურობა ნაკარნახევია არა საგარეო ფაქტორებით, არამედ საშინაო პოლიტიკაში არსებული პრობლემებით. ახლა კრემლის საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკაში მისივე ინსტრუმენტია.

კრემლის აზრით, სირიაში რუსეთის ყოფნა მოსახლეობაში ამტკიცებს მოსაზრებას, რომ რუსეთი ალყაში მოქცეული ციხე-სიმაგრეა. ეკონომიკური პრობლემებით დამძიმებული ხალხი კი დარაზმული და მობილიზებული უნდა იყოს პუტინის ირგვლივ. ასე რომ, რაც უფრო დიდხანს არ იქნება მშვიდობა სირიაში, კრემლის ინტერესებშია

ფაქტია, რომ სხვაგვარად ხელისუფლება მოსახლეობის კონსოლიდირებას და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას ვერ ახერხებს. და ეს მაშინ, როცა ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში მძიმდება და შესაბამისად, სოციალური ფონიც უკიდურესად მძიმდება.

- რა გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები? და კიდევ, ახლა ბევრს საუბრობენ რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში მომხდარ გარკვეულ ცვლილებებზე, უკმაყოფილებასა და ამავე ელიტაში უკმაყოფილო ჯგუფების გაჩენაზე. თქვენი დაკვირვებით, რუსეთის პოლიტელიტაში განხეთქილება მართლაც შეიმჩნევა?

- ვინაიდან პოლიტელიტის წევრი არ ვარ, დანამდვილებით არ ვიცი, ასეა თუ არა. მაგრამ, პოლიტელიტაში ფარული უკმაყოფილება პუტინის მმართველობით რომ არსებობს, ამას ბევრი ხვდება.

გააჩნია ქცევის რა მეთოდს შეარჩევს პოლიტელიტის ზედა ეშელონი. თუ სახელმწიფოს ხარჯზე მოხდა მათი ინტერესების დაცვა, ანუ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო მათი დანაკარგების კომპენსირება და ამისათვის მოიძებნება გარკვეული რესურსები, მაშინ არსებული სიტუაცია კარგა ხანს შენარჩუნდება, ვინაიდან მათი ინტერესების გათვალისწინება ხალხის ხარჯზე მოხდება. ასეთ ვითარებაში, რუსული პოლიტელიტისთვის პუტინი ჯერჯერობით მისაღები იქნება. რა იქნება შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს.

პოლიტელიტაში გარკვეულ რყევებზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები ბოლომდე დარჩებიან პუტინის დასაყრდენად. მათ სხვა გამოსავალიც არ აქვთ. ფაქტია, რომ დღეისთვის რუსეთში ჩამოყალიბებული რეალობა საკმაოდ რთულია.

რუსეთის პოლიტელიტის ზედა ეშელონებში რომ პუტინით უკმაყოფილება იქნება და რაღაცები ხდება გასაგებია, მაგრამ რა და რა ხარისხით, ეს ჯერ ნამდვილად გაუგებარია

თუ დღეს პოლიტელიტის ერთ ნაწილს შეეხო სანქციები, ხვალ მეორე ნაწილს შეეხება. არ არის გამორიცხული ამგვარი ვითარება ყველას ყელში ამოუვიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტელიტის ზედა ეშელონებში ყველაფერი ხალიჩის ქვეშ გამართულ თამაშებსა და ბრძოლებში წყდება - ის, რაც ჩვენამდე აღწევს მხოლოდ ხმები და ჭორებია, რომლებზე ორიენტირებაც ჭირს. რუსეთის პოლიტელიტის ზედა ეშელონებში რომ პუტინით უკმაყოფილება იქნება და რაღაცები ხდება, გასაგებია, მაგრამ რა და რა ხარისხით, ეს ჯერ ნამდვილად გაუგებარია.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ სირიაში განხორციელებული ოპერაციის შედეგად კოალიციამაც მოიგო და გარკვეულ წილად რუსეთმაც. მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, კოალიციის მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაცია სავარაუდოდ რა გავლენას იქონიებს უკრაინაზე და საქართველოზე?

- სირიაში განვითარებული მოვლენები საქართველოზე არანაირად არ აისახება. საქართველო არ გახლავთ ის ობიექტი, რომელიც კრემლმა შესაძლოა საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს. გარდა ამისა, საქართველოს კარტი უკვე გათამაშებული ვარიანტია. საქართველოს გარდა არის უკრაინა, შესაძლოა, მოლდოვაც.

- უკრაინას, ან მოლდოვას როგორ შეიძლება შეეხოს?

- რაც შეეხება უკრაინას, რუსეთის სახელისუფლებო ტელევიზიები უკრაინაზე საერთოდ აღარ საუბრობენ. ახლა ყველაზე აქტიურად სირიის ირგვლივ მიმდინარე პროცესები შუქდება და განიხილება. ფაქტია, რომ უკრაინის საკითხშიც რუსეთი ჩიხურ სიტუაციაშია.

სირიაში განვითარებული მოვლენები საქართველოზე არანაირად არ აისახება. საქართველო არ გახლავთ ის ობიექტი, რომელიც კრემლმა შესაძლოა საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს. გარდა ამისა, საქართველოს კარტი უკვე გათამაშებული ვარიანტია

თუ ადრე საზოგადოების ყურადღება ლოზუნგზე - „ყირიმი ჩვენია“ იყო კონცენტრირებული, ახლა მთავარი ყურადღება სირიაზეა გადატანილი. შემდეგ, სავარაუდოდ, კიდევ გაუჩნდება კრემლს ახალი მტერი და სამიზნე. ამისათვის საქართველო აშკარად არ გამოდგება, იგი საკმაოდ პატარაა, თან საქართველო 2008-ში ერთხელ უკვე იყო მთავარი სამიზნე.

ახლა რუსეთის ხელისუფლებისთვის საკმაოდ მომგებიანია ამერიკაზე, როგორც რუსეთის მტერზე ილაპარაკოს. აშშ-სთან დაპირისპირების ფონზე საკმაოდ იოლია მოსკოვის ოლქში არსებულ ნაგავსაყრელებზე სავალალო მდგომარეობა ტრამპს დააბრალო. მანამდე ყველაფერი ობამას ბრალდებოდა, ახლა ტრამპის ჯერია.

- ბევრი დამკვირვებელი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ რუსეთის მიმართ აგრესიული განცხადებებით ტრამპი პუტინთან შეხვედრას ამზადებდა. თქვენი დაკვირვებით, ერთი მხრივ, რამდენად საფუძვლიანი იყო ამგვარი მტკიცებები და ახლა რამდენად დიდია ტრამპსა და პუტის შორის შეხვედრის ალბათობა?

ტრამპი-პუტინის შეხვედრა რომც შედგეს, რაზე უნდა ისაუბრონ და რა საკითხები უნდა განიხილონ, პირადად მე არც კი ვიცი

- გითხრათ სიმართლე, მეც მეგონა, რომ ტრამპი პუტინთან შეხვედრას ამზადებდა, მაგრამ ახლა როცა ურთიერთობები იმაზე მეტად დაიძაბა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო და კონფრონტაციამ პიკს მიაღწია, ახლა ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრას გამოვრიცხავ.

სამი კვირის წინ, მეც მქონდა იმედი, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა გაიმართებოდა. ასეთი შეხვედრას ხომ მომზადება სჭირდება. ტრამპი-პუტინის შეხვედრა რომც შედგეს, რაზე უნდა ისაუბრონ და რა საკითხები უნდა განიხილონ, პირადად მე არც კი ვიცი.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო