ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მომზადებული მალთაყვას განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტი კახა ნიაური ესწრებოდნენ.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევი კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს “ურბანიკა“.
“ამ ეტაპზე დასრულდა აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადების მეორე ეტაპის სამუშაოები და მიმდინარე წლის 16 აპრილს ქალაქ ფოთში ჩატარდა აღნიშნული დოკუმენტაციის საჯარო განხილვა. ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო განხილვის პროცესში და საერთო ჯამში, მოსახლეობის მხრიდან დადებითად იქნა აღქმული წარმოდგენილი პრეზენტაცია“, - აცხადებენ სამინისტროში.