საპროტესტო აქციები სომხეთში ხელისუფლების ცვლას არ გამოიწვევს, მაგრამ ერევნის ქუჩებში ის ახალგაზრდობა გამოვიდა, რომელმაც თავისი მომავალი სომხეთს უნდა დაუკავშიროს

სომხეთში მიმდინარე პროცესების მიზეზებზე და იმაზე, სავარაუდოდ როგორ დასრულდება ერევანში დაწყებული საპროტესტო აქციები, ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგს, დამოუკიდებელ სომეხ ექსპერტს, გაგიკ ავაკიანს ესაუბრა.

- ბატონო გაგიკ, ერევანში გამართული და ახლაც მიმდინარე საკმაოდ მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგისიანი დაამტკიცა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ამ დროისათვის ერევანში არსებულ სიტუაციას და იმას, თუ რა ხდება რეალურად? თუ რამ გამოიწვია ერევანში საპროტესტო ტალღის აგორება, ამ თემას ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად შევეხებით...

- ის, რაც ახლა ერევანის ქუჩებში ხდება, სომხეთში ხშირად ხდება მაშინ, როცა ადამიანები თავს მოტყუებულად გრძნობენ. ქვეყანაში არ მუშაობს ისეთი დემოკრატიული პროცედურები, რომელთა შედეგადაც შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება. ადგილი აქვს მხოლოდ დემოკრატიის იმიტაციას, რომელსაც რატომღაც ის ინსტიტუტებიც უჭერენ მხარს, რომლებიც პირველები უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ამა თუ იმ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას ვითომდა დემოკრატიული პროცედურების დაცვით.

ის, რაც ახლა ერევანის ქუჩებში ხდება, სომხეთში ხშირად ხდება მაშინ, როცა ადამიანები თავს მოტყუებულად გრძნობენ. ქვეყანაში არ მუშაობს ისეთი დემოკრატიული პროცედურები, რომელთა შედეგადაც შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება

მხედველობაში მყავს ევროპული ინსტიტუტები, რომლებიც სომხეთში ყოველი ჩატარებული არჩევნების შემდეგ, მართალია არჩევნების ჩატარებისას გარკვეულ ხარვეზებზე საუბრობენ, მაგრამ ძირითადად აფიქსირებენ დემოკრატიის თვალსაზრისით ნაბიჯების წინ გადადგმას. ასეთ წინგადადგმულ ნაბიჯად მათ დაასახელეს 2008 წლის 1 მარტს სერჟ სარგსიანის პირველი გაპრეზიდენტება. ჩვენ გვახსოვს, ასეთი შეფასების შემდეგ თუ როგორ დაიღუპა საპროტესტო აქციაზე გამოსული ხალხი.

ევროპულმა ინსტიტუტებმა ასევე „წინ გადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასეს სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, რომლის საშუალებითაც სერჟ სარგსიანმა ქვეყნის მთავრობის მეთაურად კვლავ დანიშვნის ლეგიტიმიზაცია მოახდინა.

სარგსიანი ქვეყნის პირველი პირი იყო როცა პრეზიდენტი იყო და ახლაც პირველი პირია, როცა პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციის ცვლილებისა და მაშტაბური აქციების ფონზე გახდა. სხვათა შორის, სომხეთის კანონმდებლობით ქვეყნის პრემიერად ადამიანი უთვალავჯერ შეიძლება იქნეს არჩეული. თუ სომხეთის პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა ბალანსს გადავავლებთ თვალს, შეიძლება ითქვას, რომ მას პრემიერად არჩევა კიდევ არაერთხელ აქვს გარანტირებული.

- იქნებ, ჯერ დღეისათვის ერევანში არსებულ ვითარებაზე მოგვიყვეთ, თუ რამ გამოიწვია ერევანში მიმდინარე პროცესები, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით...

- როგორც ყოველთვის წინასაარჩევნო ვითარებაში ხდება, ხალხი ცდილობს თავისი პროტესტის დაფიქსირებას. ამჯერად ხალხმა ქვეყნის მმართველი გუნდის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გაგრძელება გააპროტესტა.

ახლა ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციები იმითაა გამორჩეული, რომ მასში მონაწილეთა უმეტესობას ახალგაზრდები შეადგენენ. ახალგაზრდობა, მით უმეტეს სტუდენტობა, პოლიტიკური თვალსაზრისით ყოველთვის აქტიურია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მასშტაბური აქციების ორგანიზების მთელი სიმძიმე თავის თავზე სწორედ ახალგაზრდებმა იტვირთეს. ერევნის ქუჩებში ის ახალგაზრდობა გამოვიდა, რომელმაც თავისი მომავალი სომხეთს უნდა დაუკავშიროს.

- შეიძლება ითქვას, რომ ერევანში საპროტესტო აქციების წარმართველნი იყვნენ არა სომხეთის პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, არამედ ახალგაზრდობა? თუ ეს საპროტესო აქციები სპონტანურად დაიწყო?

- რაც საპროტესო აქციებს ეხება, შეიძლება ითქვას, რომ ორ პარალელურ პროცესს ჰქონდა ადგილი. აქციების ორგანიზატორად და ინიციატორად მოგვევლინა შედარებით ახალგაზრდა პოლიტიკოსი, სომხეთის პარლამენტის დეპუტატი ნიკოლ ფაშიანი, რომელიც პარლამენტში ხელისუფლებისადმი რეალურად ოპოზიციური ფრაქცია „ელკის“ (გამოსავალი) ლიდერია.

ამ საპროტესტო აქციებმა დაგვანახა, რომ სომხეთის ახალგაზრდობას საკმაოდ დინამიურად შეუძლია პოლიტიკური პროცესების მართვა

მას შეუერთდა არაერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია. ამ ახლგაზრდულმა ორგანიზაციებმა პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება 2015 წელს მიიღეს, როცა ელექტროენერგიის ტარიფების გაძვირების გამო ერევნის ქუჩებში საკმაოდ მასშტაბური აქციები გაიმართა. სხვათა შორის, მაშინ მათი აქტიურობის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა გარკვეულ დათმობებზე წასულიყო.

ახლანდელ აქციებში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდული ეკოლოგიური მოძრაობები, რომლებმაც დედაქალაქის ცენტში ოლიგარქებს არ მისცეს პარკების განადგურების საშუალება. მართალია, ოლიგარქებმა მაშინ მაინც შეძლეს ცენტრალურ უბნებში მშენებლობების განხორციელება, მაგრამ ფაქტია, რომ ერევნის პარკები რომ ჩვენს ოლიგარქებს გადაურჩა, სწორედ ამ ახალგაზრდების დამსახურებაა.

დღეისათვის მათ საპროტესტო აქციების ორგანიზების საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. მათ ასეთი მკაფიო პოლიტიკური მოთხოვნები ადრე არ ჰქონიათ, მაგრამ ამ საპროტესტო აქციებმა დაგვანახა, რომ სომხეთის ახალგაზრდობას საკმაოდ დინამიურად შეუძლია პოლიტიკური პროცესების მართვა.

- რამდენად მასშტაბური იყო ეს საპროტესტო აქციები?

- საკმაოდ მასშტაბური იყო. საპროტესტო აქციები მთელი დღე-ღამის განმავლობაში ახლაც მიმდინარეობს. თუ წინა წლებში ღამით, როცა პროტესტანტთა რაოდენობა არც ისე დიდი იყო, მათზე თავდასხმებს ახორციელებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყოფილი პროვოკატორები, რომელთა ნაწილი სხვადასხვა ძალოვან უწყებებში იყო დასაქმებული, ნაწილი კი უბრალოდ კრიმინალები იყვნენ, ახლა ამგვარი რამ იმ მასშტაბით არ ხდება როგორც წინა წლებში იყო.

წინა წლებისაგან განსხვავებით ხელისუფლება პროტესტანტების მიმართ მეტ სიფრთხილეს იჩენს და არ ჩქარობს მათ წინააღმდეგ ძალის მყისიერად გამოყენებას

როგორც ჩანს, წინა წლებისაგან განსხვავებით, ხელისუფლება პროტესტანტების მიმართ მეტ სიფრთხილეს იჩენს და არ ჩქარობს მათ წინააღმდეგ ძალის მყისიერად გამოყენებას.

- ამ თემას თქვენ გაკვრით შეეხეთ, მაგრამ გარდა იმისა, რაზეც უკვე ისაუბრეთ, შეგიძლიათ დაასახელოთ ერევანში დაწყებული საპროტესტო აქციების რამდენიმე და სერიოზული მიზეზი?

- მთავარი მიზეზი ისაა, რომ სომხეთის მოქალაქეებს უნდათ დააბრუნონ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიული არჩევნების გზით. ამგვარი უფლება მათ კარგა ხანია წართმეული აქვთ. ხელისუფლების ცვლილება სომხეთში აუცილებელია თუნდაც იმის გამო, რომ ქვეყანა არ ვითარდება, იმგვარი კორუფციული სისტემაა ჩამოყალიბებული, რომელიც არც ქვეყანას და არც მის მოქალაქეებს არ აძლევს განვითარების საშუალებას. ვიმეორებ, საუბარია იმ ხალხზე, ვისაც თავისი ბედი სურს სომხეთს დაუკავშიროს და არ უნდა ქვეყნიდან წასვლა.

მე მხოლოდ ერთ ციფრს დაგისახელებთ, სომხეთის ხელისუფლებაში სერჟ სარგსიანისა და მისი გუნდის ყოფნის პირობებში უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ქვეყანა 400 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამ ციფრებს ხელისუფლება მალავს, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება. მხოლოდ ეს ციფრიც საკმარისია იმის გასაგებად თუ რა მდგომარეობაშია სომხეთი.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ქვეყანა 400 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამ ციფრებს ხელისუფლემა მალავს, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება. მხოლოდ ეს ციფრიც საკმარისია იმის გასაგებად თუ რა მდგომარეობაშია სომხეთი

სომხეთისათვის ქვეყნიდან 400 ათასი მოქალაქის გასვლა, საკმაოდ მტკივნეული და მრავლისმეტყველი ფაქტია. შეიძლება ითქვას, რომ კოჩარიან-სარგსიანის მმართველობამ, - ეს ერთი გუნდია, - უკიდურესად მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა. ბუნებრივია, რომ ახალგაზრდობა, რომელსაც არ უნდა ქვეყნის დატოვება, პოლიტიკურად აქტიურობს და ცდილობს ხელისუფლებამ შეცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება.

- ანუ საპროტესტო აქციების გამომწვევი მიზეზებია - დემოკრატიაში სერიოზული ხარვეზები, კორუფციის მაღალი დონე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და არა ოფიციალური ერევნის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი?

- არა, ასე არაა. იმიტომ, რომ ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ სომხეთის ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი თავის მომავალს სომხეთის ევროპული განვითარების ვექტორს უკავშირებს.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ხელისუფლება ევრაზიული განვითარების ვექტორზე მეტად საუბრობს. არადა, ევრაზიული, რეალურად კი რუსული განვითარების ვექტორი არც არსებობს და შესაბამისად არც მომავალი არ აქვს. ეს ხელისუფლებასაც ესმის, მაგრამ იგი მოქმედებს პრინციპით - არ გააღიზიანოს სტრატეგიული მოკავშირე.

ოფიციალურად პოსტსაბჭოთა სივრცის განვითარების ევრაზიული მოდელი ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა მოიგონა, მაგრამ როგორც ვხედავთ, იგი ვითომ თავის იდეას თვითონ საერთოდ აღარ ახსენებს.

ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ სომხეთის ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი თავის მომავალს სომხეთის ევროპული განვითარების ვექტორს უკავშირებს

სხვათა შორის, 2 წლის წინ, სომხეთში საკმაოდ ცნობილმა და სომხურ საზოგადოებაში საკმაოდ წონიანმა პიროვნებებმა, რომელთაც ზურგზე ატარეს ყარაბაღის ომის სიმძიმე, ოფიციალური ერევნის საგარეო-პოლიტიკური კურსისადმი უკმაყოფილების გამო საპატრულო პოლკი დაიკავეს. ეს ის პოლკია, ხელისუფლების სადამსჯელო პოლკად რომ ითვლება და მათ ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებს. სწორედ ისინი გამოვიდნენ ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის წინააღმდეგ.

რაც შეეხება რუსეთს. სომხეთში ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, არამედ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს კარგად ესმის, რომ რბილად რომ ვთქვათ, პუტინის რუსეთთან სომხეთს ერთი გზა არ შეიძლება ჰქონდეს.

- სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა - სომხეთში რევოლუციური სიტუაციია. დაწყებულია ადგილებზე რევოლუციური კომიტეტების ჩამოყალიბება. ადგილებზე რევკომების დაქვემდებარებაში გადავლენ პოლიცია და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად რეალისტურად გამოიყურება დეპუტატ ფაშინიანის განცხადებები?

- სამწუხაროდ, დეპუტატ ფაშინიანის განცხადებები ნაკლებად რეალისტურია. ასევე სამწუხაროა ის, რომ სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიუღებლობის დონე საკმაოდ მაღალია.

თუ სომხეთის მოსახლეობა იგრძნობს, რომ გაჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყანას ჩამოაშოროს მოქმედი ხელისუფლება, მაშინ ფაშინიანის განცხადებები მომენტალურად რეალისტური გახდება.

თუ სომხეთის მოსახლეობა იგრძნობს, რომ გაჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყანას ჩამოაშოროს მოქმედი ხელისუფლება, მაშინ ფაშინიანის განცხადებები მომენტალურად რეალისტური გახდება

მე არა ვარ დარწმუნებული ფაშინიანს და მის გუნდს აქვთ უნარი ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები განახორციელონ. მათ მიმართ საზოგადოებას ასეთი დიდი ნდობა არ აქვთ.

- თუ სწორად გავიგე, ერევნის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ დაწყებული და ახლაც მიმდინარე აქციები და პროცესები არ გადაიზრდება ხავერდოვან რევოლუციაში?

- შესაძლოა, ამ პროცესებმა შემდგომ პერიოდში ითამაშოს სომხეთში მოვლენათა სწორედ ასეთი განვითარების სცენარზე. უახლოეს მომავალში კი სომხეთში თუნდაც ხავერდოვანი რევოლუცია მოსალოდნელი არაა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასეთი პირი ნამდვილად არ უჩანს.

- იყო დრო, როცა სომხეთის პოლიტიკურ წრეებში არ ფარავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ სომხეთის მმართველობაში უმეტეს წილად მთიანი ყარაბაღიდან გამოსულები დომინირებდნენ. ყარაბაღელი იყო კოჩარიანი, ასევე ყარაბახელია სერჟ სარგსიანი.

რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ერევანში დაწყებული აქციები სომხურ პოლიტიკაში ყარაბახელთა დომინირების პროცესის დასრულების დასაწყისად?

- იყო დრო, სომხეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში არსებობდა ამგვარი განწყობები. მაგრამ, ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. შეიძლება ითქვას, ეს საკმაოდ ძველი ზღაპრებიდანაა, რომელსაც ის წარუმატებელი პოლიტიკოსები ქმნიდნენ, რომლებიც თავის წარუმატებლობას სომხურ პოლიტიკაში ყარაბახიდან გამოსულ პოლიტიკოსებს აბრალებდნენ.

თავის დროზე ლევონ ტერ-პეტროსიანს იმას აბრალებდნენ, რომ მისი მმართველობის დროს ძალიან ბევრი ადამიანი იყო ხელისუფლებაში სომხური დიასპორიდან. ასეთი გამოვლინებები როგორც ჩანს, კიდევ იქნება. გარწმუნებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სულაც რომ ერევნელი იყოს, სულ ცოტა ხანში დაიწყებოდა საუბრები იმაზე, რომ „ერევნელებმა შეჭამეს ქვეყანა“.

ამ თემაზე მხოლოდ ერთს დავამატებდი - სხვათა შორის, სომხეთში ყველა დიდი ცვლილება სწორედ არცახიდან, ანუ მთიანი ყარაბაღიდან იწყებოდა. არცახი ყოველთვის იყო სომხეთში პოზიტიური ცვლილებების დაწყების ლიდერი. ასეა 1988 წლიდან მოყოლებული. ასე რომ, იმგვარი განწყობები, რომელიც თქვენ ახსენეთ ახლა ან დიდი სისულელეა, ან დიდი პროვოკაციის ნაწილი.

- გასაგებია, რომ პარლამენტმა უპრობლემოდ დაამტკიცა ქვეყნის პრემიერად სერჟ სარგსიანი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ აქციები ერევანში გრძელდება. თქვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე სავარაუდოდ, როგორ დასრულდება ერევანში საპროტესტო აქციები?

- ცხადია, რომ ხელისუფლება უკან არ დაიხევს. ჩემი დაკვირვებით, ხელისუფლება მოერიდება თავისივე პროვოკატორები და კრიმინალები, რომელსაც იგი ასეთ სიტუაციაში ხშირად ეყრდნობა და იყენებს, არ იყვნენ ზედმეტად აქტიურები.

დღეს სომხეთის ხელისუფლება არაა იმ მდგომარეობაში, რომ ვითარების გამწვავებაზე წავიდეს და პროტესტანტების წინააღმდეგ მკვეთრი მოძრაობები გააკეთოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სომხეთში პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ პოლიტიკური პროცესი მეტ დინამიურობას შეიძენს

იმის გამო, რომ საპროტესტო აქციებით პოლიტიკური მიზნის მიღწევა შეუძლებელია, საპროპტესტო მუხტი დაიწევს და თუ მალე არა, გარკვეული დროს შემდეგ მაინც აქციები შეწყდება.

ალბათ, აქციების ორგანიზატორი ფაშინიანი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური თუ სამოქალაქო მოძრაობები გააქტიურდებიან იმ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გაჩნდეს კომიტეტები, რომლებიც მეტად გააკონტროლებენ ხელისუფლების საქმიანობას და შეეცდებიან მოამზადონ ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილება. სხვათა შორის, სომხეთში ადგილობრივი ორგანოების გაძლიერება და ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს იყო შესაძლებელი.

დღეს სომხეთის ხელისუფლება არაა იმ მდგომარეობაში, რომ ვითარების გამწვავებაზე წავიდეს და პროტესტანტების წინააღმდეგ მკვეთრი მოძრაობები გააკეთოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ სომხეთში პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ პოლიტიკური პროცესი მეტ დინამიურობას შეიძენს.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს