სახალხო დამცველი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს.
როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად არსებული სახელმწიფო პროგრამები ეფექტურად ვერ მუშაობს.
"მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები შშმ პირთა დასაქმების ხელშესაწყობად, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ისინი ნამდვილად ვერ მუშაობენ ეფექტურად. ძალიან დაბალია შშმ პირთა დასაქმება საჯარო სექტორში. მინიმალურია ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა რაოდენობა, რომელთა უმეტესობა არის სპეციალური პროგრამების და ინიციატივების საფუძველზე დასაქმებული. პრაქტიკულად წარმოუდგენელია კონკურსის საფუძველზე მათი დასაქმება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე თქმით, ფიზიკური გარემოსა და სრულფასოვანი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს, ხოლო დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი იმდენად დაბალია, რომ შშმ პირებისთვის საქმიანობა არამომგებიანი ხდება.
"თავად დასაქმების შემთხვევაშიც კი, მათი სამსახური არასტაბილურია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ ეხსნებათ სოციალური დახმარების პაკეტი, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ სოციალურ მდგომარეობას.
მთავარი რეკომენდაციაა საკანონმდებლო ცვლილება და მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ფაქტია, რომ ფული იხარჯება, მაგრამ შშმ პირთა დასაქმების თვალსაზრისით, შედეგი მინიმალურია,-" აღნიშნა მან.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, 2017 წლის მონაცემებით საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, კერძო სექტორში კი ამავე წლის მონაცემებით, 101 შშმ პირია დასაქმებული.