რა მიზნები აქვს "Veon საქართველოს" - კომპანია საინვესტიციო გეგმებზე არ საუბრობს

„სილქნეტის” მიერ „ჯეოსელის” შესყიდვის ოფიციალური გაფორმებიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, კომუნიკაციების ბაზარს ცვლილებები ჯერ არ დატყობია. როგორც მობილურ, ასევე ინტერნეტ-ბაზარზე სიწყნარეა თუ არ ჩავთვლით "გაზპრომის" მედია-ჯგუფის საკუთრებაში მყოფი „ენ ტე ვე პლიუსის” შემოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ პროტესტს.

„სილქნეტი”-„ჯეოსელის” ყველაზე ძვირადღირებული გარიგების გამო ცვლილებები ჯერ არც სამომხმარებლო ტარიფებს დატყობია. რას უპირებს „სილქნეტი” ახლად შეძენილ „ჯეოსელს”, რას შეცვლის მის სატარიფო სქემაში და აპირებს თუ არა „მაგთისთან” ბრძოლას, ამის შესახებ კონკრეტული გეგმები კომპანიას ჯერ არ გაუმჟღავნებია.

თავის მხრივ, რას დაუპირისპირებს „მაგთი” გაძლიერებულ კონკურენტს, მასთან შეთანხმებულად იმუშავებს თუ მძაფრ კონკურენციას ამჯობინებს, ამის შესახებ არც „მაგთი” საუბრობს.

ამ სიტუაციაში ასევე საინტერესოა, რას გააკეთებს მესამე ოპერატორი „ბილაინის” მფლობელი „ვიონი საქართველო”(ყოფილი „მობიტელი”), რომელსაც რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი ფლობს, რომლის ქონება 14,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. კომპანიამ გამოაცხადა, რომ ინვესტიციების განხორციელების გეგმებზე უარს არ იტყვის, თუმცა, რა მიმართულებით ეცდება გაძლიერებას და როგორ შეცვლის სატარიფო პოლიტიკას, ამაზე დუმილს ამჯობინებს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ მოუწოდა „ვიონს” განახორციელოს ინვესტირება ქსელში, გააფართოვოს არსებული საცალო საქმიანობების არეალი და ამასთან ერთად, შევიდეს ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების სეგმენტზე, რათა ბაზარზე სამი სრულფასოვანი ოპერატორი არსებობდეს და მაღალი კონკურენცია იყოს. კახა ბექაურის თქმით, „ბილაინმა“ უნდა გაზარდოს არსებული აბონენტების რაოდენობა, ან საქმიანობა დაიწყოს ფიქსირებული ინტერნეტის სეგმენტზე. ამისთვის კი კომპანიამ საკუთარი საცალო სააბონენტო ქსელი აუცილებლად უნდა განავითაროს-ააშენოს, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას მოითხოვს.

მაგრამ როგორ შეძლებს ამის გაკეთებას „ვიონი” საქართველოში? გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „მობიტელმა” სახელის შეცვლის შემდეგ ფუნქციონალური ცვლილებაც განიცადა, ის არა მობილური ოპერატორი, არამედ ლაბორატორია გახდა. როგორც კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ეს ცვლილება მის საინვესტიციო მიმართულებაზეც მოახდენს გავლენას და „ვიონის” მიერ ინვესტირების შესაძლებლობებს შეზღუდავს. მაშ როგორ აპირებს „ვიონი -საქართველო” გაფართოებას და სერვისის გაუმჯობესებას თუ საინვესტიციო შესაძლებლობები შეზღუდული აქვს?

ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომლითაც ჩვენ „ვიონი საქართველოს” მივმართეთ. ამასთან გვაინტერესებდა, რატომ შეიცვალა „მობიტელმა" სახელი „ვიონი საქართველოდ" და ხომ არ იმოქმედებს ეს მის საინვესტიციო გეგმებზე საქართველოში. კიდევ ერთი კითხვა, რაც წლების განმავლობაში არსებობს „მობიტელის” საქართველოში შემოსვლას და მის მიერ ლიცენზიის იაფად მიღებას უკავშირდება. ლობირებდა თუ არა „მობიტელს” საქართველოში ლიცენზიის მიღებისას თავის დროზე ხელისუფლება. ეს შეკითხვა უფრო აქტუალურია მას შემდეგ, რაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ „მობიტელის” მფლობელი კომპანია „ვიმპელკომი” უზბეკეთში სერიოზულ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. კომპანია უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვისთვის 2006-2012 წლების განმავლობაში 850 მილიონი დოლარის ქრთამის გადახდაში ამხილეს, რის სანაცვლოდაც ლიცენზია და სხვა შეღავათები მიიღო. ცხადია, ჩვენ ლიცენზიის მიღების თემასთასნ დაკავშირებითაც გვაინტერესებდა კომპანიისგან პასუხი. მაგრამ „ვიონი-საქართველოს” იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ესართიამ ჩვენ კითხვებს არ უპასუხა. ამის შემდეგ ჩვენ „ვიონი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს სოფო ბალავაძეს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ვერაფრით დაგვეხმარება და ამ კითხვებით „ვიონის” სათავო ოფისს უნდა მივმართოთ ამსტერდამში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, შესაბამისად, ვეცდებით არსებულ კითხვებზე პასუხი „ვიონის” სათავო ოფისიდან მოვიპოვოთ.

წყარო: info9.ge

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს