კურორტ გოდერძის განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის ენის შემსწავლელი კურსები იწყება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მაისიდან გიდებისთვის მნიშვნელოვან ტრენინგებს იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში რეგიონში მოქმედი 30 დამწყები და მოქმედი გიდი ბათუმის, ქედის ღვინისა და მაჭახელას ტურიტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდება. თეორიულ-პრაქტიკული კურსი აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისა და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თითოეულ მარშრუტზე ტრენინგების საშუალო ხანგრძლივობა ორი კვირას გასტანს და მათ პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიამძღოლები ჩაატარებენ. ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილები იქნებიან კურსის თეორიული და პრაქტიკული მასალებით.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, წელს პირველად იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ტრენინგები მაღალმთიან აჭარაში. კურორტ გოდერძისა და სოფელ დანისპარაულში არსებული განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები ინგლისურ ენას საბაზისო დონეზე შეასწავლიან.

„თვენახევრიანი კურსის განმავლობაში მონაწილეები სტუმარ-მასპინძლობისთვის აუცილებელ საკომუნიკაციო ინგლისურს ისწავლიან, რაც სტუმრის მიღებისთვის, გამასპინძლებისა და სერვისების შეთავაზებისთვის აუცილებელ ტერმინოლოგიას მოიცავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიზანია მთიან აჭარაში არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე ნელ-ნელა გამოსწორდეს ენის ბარიერი, რაც საოჯახო ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებსა და მოგზაურებს ერთმანეთთან კომუნიკაციას გაუმარტივებს. კურორტ გოდერძის შემდეგ ტრენინგები იმ მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება, სადაც ტურისტთა ნაკადები მზარდია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გასულ წელს 500-მდე ადამიანი გადაამზადა, მათ შორის 100-მდე გიდი მთიანი აჭარისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა