ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი - ნივთმტკიცებებზე საექსპერტო კვლევა უმოკლეს დროში ჩატარდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ნივთმტკიცებებს უახლოეს პერიოდში წაიღებს. როგორც ადვოკატმა ინგა შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნივთმტკიცებებზე საექსპერტო კვლევა უმოკლეს დროში ჩატარდება, რათა თვის ბოლოს დაცვის მხარემ სასამართლოს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინოს.

ინგა შარაშენიძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ უკვე დაასრულა იმ მოწმეების დაკითხვა, რომლებიც სიაში ჰყავდა და მისი მოთხოვნის საფუძველზე პროკურორები ახლა მის სიაში მყოფ პირებს კითხავენ.

"ჩემი მოწმეთა სია ძალიან დიდია, დღეს დასაკითხი მოწმეებიც ჩემი სიიდან არიან. წინა სხდომაზე დაკითხული უმნიშვნელოვანესი მოწმე ჩემი სიიდან იყო, რომელმაც აბსოლუტურად სხვა სურათი დახატა და აბსოლუტურად სხვა გარემოებაზე ისაუბრა. მაგალითად, მან ისაუბრა იმაზე, თუ რა მოხდა, რამდენი პირი ჩხუბობდა და როდის მოხდა თუნდაც დაჭრა და ვის მიერ. აქამდე დაკითხული ყველა მოწმე აცხადებდა თითქოს, ამ ბავშვებს, რომლებიც დაკავებულები არიან, მკვლელობის განზრახვა ჰქონდათ და მხოლოდ ორნი იყვნენ. ამაზე მოწმემ ისაუბრა და თქვა, რომ ძალიან დიდი ჩხუბი იყო, ძალიან დიდი თავდასხმები იყო. მან ის სურათი ასახა, რომელიც რეალურად იყო და რაზეც აქამდე არც ერთ მოწმეს არ უსაუბრია. ისიც დაადასტურა, რომ ეს არ იყო მკვლელობა, ეს არ იყო განზრახვა. მან ერთ დანაზე და სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა, თუნდაც იმაზე, თუ რა უძღოდა ერთ-ერთი პირის დაჭრას წინ. ბრალდება დღემდე გვიმტკიცებს, რომ ამ ორმა ბავშვმა, ორი ბავშვის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად განიზრახა და თითქოს, სხვა პირები არაფერს აკეთებდნენ. წინა სხდომაზე დაკითხულმა უმნიშვნელოვანესმა მოწმემ კი თქვა, რომ იქ ის გარემოება არ იყო, რასაც აქამდე ბრალდება და მათი წარმოდგენილი მოწმეები აცხადებდნენ", - განაცხადა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.