ელენე ხოშტარია - 5 წლის განმავლობაში მარგველაშვილს შეეძლო მეტი გამბედაობა გამოეჩინა

5 წლის განმავლობაში მარგველაშვილს შეეძლო მეტი გამბედაობა გამოეჩინა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, მოსმენების კანონზე, კრიმინალურ ვითარებასა და კორუფციაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ყველა მიმართულებით სამართლიანად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სერიოზული ჩავარდნა აქვს.

„პირველ რიგში, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეფასება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ ვაღიაროთ, რომ ყველა იმ საკითხზე, რაზეც „ქართულ ოცნებაში“ იყო ძალიან დიდი მოლოდინი, რის გამოც მათ მიიღეს მანდატი, ეს არის დემოკრატიული განვითარება, სასამართლო სისტემა, მედია ვითარება, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ყველა მიმართულებით გიორგი მარგველაშვილმა ძალიან მკაფიოდ, სამართლიანად ისაუბრა და თქვა, რომ სერიოზული ჩავარდნა აქვს ხელისუფლებას. როგორ მიზანმიმართულად ებრძოდა „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიებს, როგორ დაზიანდა დემოკრატია, როგორი პრობლემებია მედია გარემოში ანუ ამ შემთხვევაში, რისთვისაც მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, პრეზიდენტს ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე, კორუფციასა და ტოტალურ გაჭირვებაზე არ უსაუბრია.

„გვესმის დაპირისპირება ქუჩებში ახალგაზრდებს შორის, მკვლელობები, ძალადობა ოჯახებში, ასევე სოფლებში, სადაც დავდივართ, გვეუბნებიან, რომ საქონელს პარავენ ხალხს. არც კორუფციაზე არ უსაუბრია პრეზიდენტს და რაც მთავარია არ უსაუბრია ტოტალურ გაჭირვებაზე და იმ უიმედობაზე, რაც დღეს ქვეყანაშია. დღეს ჩვენ გვიყურებენ ადამიანები, რომლებსაც პასუხი უნდათ მხოლოდ ამაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან" დავაყენებთ ყველა ამ საკითხს“, - აღნიშნა ხოშტარიამ.