ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

3-23 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

„ფესტივალის ფარგლებში, 3 მაისს, ხუთგზის გრემის მფლობელი ვოკალური ჯგუფის The Swingles კონცერტი ჩატარდება. 10 მაისს, მსმენელის წინაშე სამგზის გრემის მფლობელი ამერიკელი ლეგენდარული ჯაზ ვოკალისტი Dee Dee Bridgewater წარდგება. 19 მაისს, ავსტრიული ვირტუოზული შესაძლებლობების ინსტრუმენტალისტთა ანსამბლის „Janoska Ensemble “ კონცერტია დაგეგმილი. 23 მაისს კი, ფესტივალი ქართველი ჯაზ ვოკალისტის მაია ბარათაშვილის, თბილისის ბიგ-ბენდისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. საიუბილეო კონცერტი მაია ბარათაშვილის სცენაზე მოღვაწეობის 25 წელს მიეძღვნება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, 2015 წელს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. პირველი ფესტივალი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილო თარიღს მიეძღვნა. ფესტივალი ყოველწლიურია; თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან 'The Manhattan Transfer', 'New York Voices', 'TAKE 6', Ivan Lins, Bob James, Patti Austin, The Real Group.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველის კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია. პარტნიორები: კომპანია „სუფთა სახლი“, ფონდი „ქართული გალობა“, სასტუმროები - რუმსი და სტამბა, რესტორანი - „თბილისური მუხამბაზი“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს