ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი პარლამენტისგან კანონის დარღვევას ითხოვდა

პრეზიდენტი პარლამენტისგან კანონის დარღვევას ითხოვდა, რაც სამწუხარო მოვლენაა. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტის და პარლამენტის ინსტიტუტებისთვის დათვური სამსახური იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე თავად მომხრე იყო, რომ პარლამენტს კანონი და პარლამენტის რეგლამენტი არ დაერღვია.

“ჩვენ გვქონდა დისკუსია პროცედურასთან დაკავშირებით. ამ საკითხს ორი, პოლიტიკური და სამართლებრივი მხარე აქვს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ გადავუხვიოთ რეგლამენტს და გავაგრძელოთ მუშაობა სხვა გზით, არა რეგლამენტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში არავის მიეცემოდა საბაბიც კი იმაზე საუბრის, რომ თითქოს ე.წ. კინკლაობაა ინსტიტუტებს შორის. ცდილობენ ჩვენს შეყვანას ამაში და ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ამას ხედავს როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა. ძალიან სამწუხარო მოვლენაა, დადებითი გადაწყვეტილებით კი შეგვიძლია ეს საბაბი მთლიანად მოვსპოთ. მეორე არის სამართლებრივი მხარე. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვევალება რეგლამენტის მიხედვით მოქმედება, ეს კი თქვენთვის ცნობილია. ეს არის გაწერილი პარლამენტის რეგლამენტით. ჩვენ გვთავაზობენ რეგლამენტიდან გადახვევას. ამას რომ ისეთი ადამიანი გვთავაზობდეს, რომელიც არ არის ჩახედული საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იქნებოდა კიდევ უფრო მეტად გასაგები ჩვენთვის, თუმცა ამას გვთავაზობს პრეზიდენტი, რომელიც უკვე ხუთი წელია ჩართულია პოლიტიკურ პროცესში. ის უკვე მეხუთედ აკეთებს მოხსენებას პარლამენტში და ამ ფორმატში იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა ის პროცედურა, რომელიც უნდა შემდგარიყო პარლამენტში.

“მან ძალიან კარგად და ზუსტად იცოდა, თუ როგორი პროცედურა არის დაკავშირებული მის მოხსენებასთან პარლამენტში. მისი ეს მოთხოვნა არის უფრო გაუგებარი. გარდა ამისა, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, ის არის ადამიანი, რომელიც პირველი უნდა მოგვიწოდებდეს კანონის პატივისცემისკენ და დაცვისკენ. ეს კიდევ უფრო მძიმეს ხდის იმ შთაბეჭდილებას, რომელიც შეიქმნა ამ მოთხოვნიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჩვენ გვთხოვენ კანონის გადახვევას, გადაცდომას, რაც ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, არის მიუღებელი. მე ვალდებული ვარ ინსტიტუტის პრესტიჟი დავიცვა. პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს კანონის დარღვევას, რაც სამწუხარო მოვლენაა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური როგორც პრეზიდენტის, ისე პარლამენტის ინსტიტუტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი, როგორც პარლამენტს, ისე პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემდა და პლენარული სესიის დარბაზში დაბრუნდებოდა.

პარლამენტმა დებატების ფორმატის ისეთნაირად შეცვლას, რომ პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის პერმანენტულად საშუალება ჰქონოდა, მხარი არ დაუჭირა.

დებატების ფორმატის შეცვლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა. 28-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომ პრეზიდენტს საშუალება მისცემოდა, პერმანენტულ რეჟიმში დისკუსიაში ჩართულიყო, 50-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევაა. გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო დებატების ფორმატზე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა