თსუ-ის სტუდენტური კონკურსის - „მისია 2018“ ფინალისტებმა მეორე ტურის დავალება მიიღეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსის - „მისია 2018“ ფინალისტებმა მეორე ტურის დავალება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5 ფინალისტი გუნდის წარმომადგენლები კონკურსის წლევანდელ პარტნიორს „ას ჯორჯიას“ საცხოვრებელ კომპლექსს „დირსს“ ეწვივნენ, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა კონკურსანტებს ფინალური დავალება მისცეს. სპეციალურად „დირსისთვის“ დავალებების შესასრულებლად კონკურსანტებს 1 თვის ვადა მიეცათ. „ას ჯორჯია დირსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ქეთევან ფაჩულიას თქმით, ფინალური დავალება „დირსის“ ზაფხულის ქალაქის კონცეფციას ეხება.

„ზაფხულში „დირსიში“ ბევრ ღონისძიებას ვგეგმავთ. ძალიან გვინდა, ამასთან დაკავშირებით სტუდენტების კრეატიული იდეები მოვისმინოთ. ასევე ვპირდებით მათ, რომ ჩვენი პარტნიორობით ამ პროექტში მონაწილეობა საინტერესო იქნება. გვინდა, რომ ჩვენთან ურთიერთობა სტუდენტებისთვის მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს,“ - აღნიშნა ქეთევან ფაჩულიამ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ფინალურ ნაშრომზე მუშაობის პროცესში ფინალისტები სპეციალურად მათთვის მომზადებულ სემინარებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაესწრებიან. როგორც თსუ-ის პროექტების მენეჯერმა ნინო კალანდიამ აღნშნა, ივნისის დასაწყისში კონკურსანტები ჟიურის წინაშე პრეზენტაციებით წარდგებიან და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

„პირველ ტურში ძალიან საინტერესო პროექტები შემოვიდა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუდენტები მეორე ტურშიც მაქსიმალურად გამოავლენენ შემოქმედებითობას. ყველას, ვინც მსგავს პროექტებში იღებს მონაწილეობას, ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს კომპანიის შიდა სამზარეულოს, დასაქმდეს ან დასაქმების პერსპექტივა გაზარდოს. ამასთანავე, მიიღოს ფულადი პრემია და საჩუქრები,“ - აღნიშნა ნინო კალანდიამ.

ფინალური ტურის ბოლოს ჟიური 3 საუკეთესო გუნდს გამოავლენს, რომლებსაც პარტნიორი კომპანიის მიერ დაწესებული ფულადი პრემიები გადაეცემათ: I ადგილი -2500 ლარი, II ადგილი - 1500 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი.

„სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 56-მა გუნდმა მიიღო. შემოსული პროექტებიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 5 საუკეთესო გამოავლინა. თსუ-ის სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა