საკრებულოში „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების შესახებ საკითხის ინიცირება მოხდა

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისში ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭების შესახებ საკითხის ინიცირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, როგორც სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკრებულო გამოდის ინიციატივით, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდოს.

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ჩვენი თვითმყოფადობის და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი საფუძველი. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

აღნიშნული საკითხის განხილვას სხდომაზე კამათი მოჰყვა. კომისიის სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე და ფრაქციის წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ესწრებოდნენ. ვაჩეიშვილმა ხელისუფლება ისტორიის წაშლის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, „ვარდების რევოლუცია“ საქართველოს და მისი თითოეული მოქალაქის მონაპოვარია და მოედნისთვის ამ სახელის გადარქმევა სწორედ ისტორიის წაშლის მცდელობაა.

ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია საკითხის განხილვის და მიღების წესის დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საჯარო განხილვის დასრულებამდე საკითხი კომისიის სხდომაზე არ უნდა გაეტანათ. თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ კომისიამ საკითხის მხოლოდ ინიცირება მოახდინა. მან ოპოზიციის წარმომადგენელი საკრებულოს კომისიის სხდომაზე საკითხის ინიცირების წესების არცოდნაში დაადანაშაულა.

კომისიის სხდომა „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ურთიერთბრალდებების ფონზე გაგრძელდა. უმრავლესობამ ოპოზიცია პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა. ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად ჰქონდა იმის მცდელობა, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან დაეწყოთ. ლევან ჟორჟოლიანმა კი პირველი რესპუბლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სახელწოდების მოედანი თბილისში უნდა არსებობდეს.

კამათის შემდეგ ირაკლი ნადირაძემ და ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომისიის თავმჯდომარემ ამ საკითხის ინიცირების შემდეგ სხდომაზე კიდევ 15 საკითხი დააყენა განსახილველად. მისი განცხადებით, თბილისის რამდენიმე ქუჩას საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი რევოლუციონერთა სახელები გადაერქმევა და მათ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ მოღვაწეთა სახელები მიენიჭება.

კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს. რაც შეეხება ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭებას, ეს საკითხი საჯარო განხილვისთვის 20 დღის განმავლობაში საკრებულოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდება, შემდეგ სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილება და დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს