შსს-ს განმარტებით, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა დაწყებული, თუმცა დაკავებული არ არის

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს სამართალდამცველები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლების დარღვევას ედავებიან.

როგორც „გირჩის“ წარმომადგენელმა ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბ ჯაფარიძე დღეს დაიბარეს პოლიციის სამმართველოში და აღნიშნული ინფორმაცია იქ გააცნეს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ მართლაც დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება 166–ე და 173–ე მუხლებით, თუმცა, განმარტავენ, რომ ზურაბ ჯაფარიძე დაკავებული არ არის.

ამასთან, როგორც ცნობილია, გუშინ დააკავეს პარტიის ორი წევრი იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი. სამართლადამცველები მათაც აღნიშნული მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული საქმის განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს, თუმცა ამ ეტაპისთვის პროცესის ჩატარების დრო უცნობია.