საქართველოს ქიმიური საზოგადოების ინიციატივით, ხვალ თსუ-ში საერთაშორისო მინი სიმპოზიუმი გაიმართება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ საქართველოს ქიმიური საზოგადოების ინიციატივით (GCS) საერთაშორისო მინი სიმპოზიუმი გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს.

სიმპოზიუმის ფარგლებში, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვილიამ ტონგი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, დოქტორ ვოლტერ ოშელი და განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ჭელიძე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვას, განმტკიცებას და განვითარებას და სან დიეგოს უნივერსიტეტის ბაზაზე მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას, ქართველი სტუდენტების სან დიეგოს უნივერსტიტეტში აკადემიურ საქმიანობაში მხარდაჭერას.

„განათლების საერთაშორისო ცენტრი, სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და სან დიეგოს უნივერსიტეტი ერთობლივად დაგეგმავენ და ითანამშრომლებენ საერთო პროგრამის სახელმძღვანელო პრინციპებზე, ვადებსა და პირობებზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

საერთაშორისო მინი სიმპოზიუმი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალური მოწვევით იმყოფებიან ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გამოჩენილი მეცნიერები სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, კალიფორნია. ღონისძიების ინიციატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, ამერიკული ქიმიური საზოგადოება და SDSU-G სტუდენტური chapter.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საინჟინრო, სამშენებლო და საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 500 - ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების კურსდამთავრებულები საქართველოში ბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს