ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ვიდგებით სამართლიანობის მხარეს და ფეხზე გვკიდია ყველა კანონი, რომელიც უსამართლოა

ჩვენ ვიდგებით სამართლიანობის მხარეს და ფეხზე გვკიდია ყველა კანონი, რომელიც უსამართლოა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, უსამართლობაა, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო აკავებენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს არ უდასტურდება.

ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ „გირჩის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩნდება ეჭვი, რომ მიმდინარე პროცესი პარტიის ბოლოდროინდელ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

„არანაირი წვრილმანი ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა გუშინ არ ყოფილა. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვინც ქუჩაში დარბის და ხალხს შეურაცხყოფას აყენებს. ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც სამსახურში მიდიოდა, დაახტა თავზე ექვსი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი და აფორთხიალეს ასფალტზე. ჩვენ ეს ადამიანი დავიცავით და ეს არის ჩვენი მხრიდან გაცხადებული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში აღარ აკავებდნენ და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო მოსაშარდად არ მიჰყავდეთ, მით უმეტეს, რომ ამ პირს ესეც არ დაუდასტურდა. კანონიერი იყო ჰოლოკოსტიც და აპერტეიდიც, კანონიერი რადგანაც არის, სულაც არ ნიშნავს, რომ სამართლიანია. ჩვენ ვიდგებით სამართლიანობის მხარეს და ფეხზე გვკიდია ყველა კანონი, რომელიც უსამართლოა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ეჭვი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი სხვადასხვა შინაარსის განცხადება გაავრცელა.

„პირი, რომელსაც გუშინ აკავებდნენ ჩემი ბიძაშვილია. შსს–მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი რეალიზატორს მისდევდნენ, თუმცა მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ პირს იმიტომ მისდევდნენ, რადგან ეჭვი ჰქონდათ, რომ ეს მომხმარებელი იყო. ალბათ, ძალიან გამწარდნენ, რადგანაც სისტემას დავუპირისპირდით და შეეცადნენ ტალახი მოეცხოთ ჩვენთვის“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე არ მიუმართავს შს სამინისტროს და არ წარუდგენია პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დაკავებული წევრების იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის საქმეები. სასამართლოში არ არის შესული არც ზურაბ ჯაფარიძის საქმეც.

შსს პოლიტიკური პარტიის წევრებს ადმინისტრაციული კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო