მიხეილ ჩხენკელი - საქართველოს ისტორიაში პირველად გვექნება კანონი, რომელიც პროფესიული განათლების სისტემას ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს

საქართველოს ისტორიაში პირველად გვექნება კანონი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულირებს პროფესიული განათლების სისტემას, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

„ჩვენი პროფესიული განათლების სისტემა იქნება სრულ თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და მოხდება ჩვენი პროფესიული განათლების ინტეგრაცია ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში. ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე გახლავთ ასახული ამ კანონპროექტში. ევროპულ მიდგომაზე როდესაც ვსაუბრობთ, დუალური განათლების პრინციპი პროფესიულ განათლებაში უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და კანონმდებლობის საფუძველზე მოხდება ამის შემოტანა საქართველოს პროფესიული განათლების სივრცეში. პროფესიული განათლება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პრიორიტეტი გახლავთ და ძირითადი გამოწვევა ამ კუთხით ფსიქოლოგიური ხასიათისაა. კერძოდ, მშობლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ იმისთვის, რომ მათი შვილები წარმატებულნი იყვნენ, აუცილებელია, მათ ჰქონდეთ უნივერსიტეტის დიპლომი და არა პროფესიული განათლება. ეს სინამდვილეში ასე სულ არ არის, რაზეც შრომის ბაზარიც ცალსახად მეტყველებს. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს ფსიქოლოგიური წინაღობა. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ უმაღლესი პროფესიული განათლების კონცეფციის დამკვიდრებას. გვინდა, რომ უნივერსიტეტების სივრცეში შეიქმნას პროფესიული კოლეჯები. რამდენიმე ასეთი უკვე არსებობს, რამდენიმე სულ ახლახანს შევქმენით, მრავალი ასეთი კიდევ შეიქმნება. როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო უნივერსიტეტების ქოლგის ქვეშ იარსებებს პროფესიული კოლეჯი, სადაც სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გაიარონ პროფესიული პროგრამა და ისინი იქნებიან საუნივერსიტეტო სივრცის სრულფასოვანი წევრები. მწვანე შუქი აქვს ანთებული იმ სტუდენტებს, რომლებიც პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ მოისურვებენ, რომ სწავლა გააგრძელონ ბაკალავრიატის პროგრამებზე, იმ თვალსაზრისით, რომ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ უნივერსიტეტებს საშუალება ექნებათ, მოხდეს აკადემიური კრედიტების აღიარება იმ სტუდენტებისთვის, რომელმაც წარმატებით დაასრულეს პროფესიული განათლების კურსები“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, პრესტიჟის ამაღლების კუთხით მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია.

„პროფესიული კოლეჯების, როგორც სტუდენტებს, ასევე, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, რომ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით, წავიდნენ უცხოეთში, მიიღონ აკადემიური გამოცდილება. ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული. ძალიან საინტერესო მოლაპარაკეები გვქონდა დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრიის კოლეჯებთან, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს, რომ დიდი ენთუზიაზმით მიიღებენ ჩვენს სტუდენტებს, პედაგოგებს, რომელთაც ექნებათ უნიკალური საშუალება, რომ ევროპის წამყვან პროფესიულ კოლეჯებში აიმაღლონ კვალიფიკაცია“, - დასძინა მიხეილ ჩხენკელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა