FAO-მ და შვეიცარიის დელეგაციამ საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაციის პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს

საქართველოში ვიზიტად მყოფი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორი მანუელ ზაგერი ახალციხეში სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან აცნობეს, შეხვედრებზე რეგიონში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის (NAITS) მიმდინარეობა მიმოიხილეს. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით.

მანუელ ზაგერი იმ პროცესებს გაეცნო, რომლებიც ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის (NAITS) ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს, კერძოდ, მსხვილფეხა საქონელს ყურზე უმაგრდება საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები, ხოლო მონაცემები, ვეტერინარული ზედამხედველობის ფარგლებში ცხოველისათვის ჩატარებული აცრების შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირდება.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე გადასვლა 2016 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, განახლების პროცესშია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დროის უმოკლეს მონაკვეთში მოახდინონ დაავადებების მიკვლევა და მისი დროული ლოკალიზება/ლიკვიდირება.

„იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება, როგორც სურსათის უვნებლობას, ასევე ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ მდგომარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო პირველი ქვეყნაა, რომელიც იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას ახორციელებს, რაც მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი“, - განაცხადა FAO-ს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ.

ლაბორატორიაში ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა მის გამართულ მუშაობაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის, როგორც სასაზღვრო რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია, დაავადებათა კონტროლის თვალსაზრისით.

„საქონლის დიდი ნაწილი ზაფხულში გადასარეკი ტრასებით სწორედ სამცხე-ჯავახეთში იყრის თავს, შესაბამისად, ლაბორატორიული კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რეგიონში უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად. ლაბორატორიული კვლევები, თუნდაც ბრუცელოზის პროგრამის ფარგლებში, გვეხმარება სხვადასხვა დაავადების გამოვლენასა და შესაბამისი პრევენციული სამუშაოების დაგეგმვაში“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალციხის ოფისის უფროსმა ლია ბექაურმა.

რეგიონში ვიზიტი მანუელ ზაგერმა პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებთან შეხვედრის შემდგომ ადგილობრივ წარმატებულ საწარმოში ვიზიტით დაასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა