„საბა კონსტრაქშენის“ წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის მეთაურს ბათუმში სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები გააცნეს

ბათუმში სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრანშენი“ სპორტულ კომპლექსს აშენებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, მშენებლობა დაათვალიერეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა.

ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიაზე ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტის ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობის წარმომადგენლებს ამ დროისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სამშენებლო სამუშაოების მენეჯერი გიორგი ჯელაძე აცხადებს, ამ ეტაპზე ტერიტორიის რკინაბეტონის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც საძირკვლის შევსების, მონოლითური რკინაბეტონის სვეტებისა და ნოლნიშნულამდე კედლების მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში პარალელურად ხორციელდება ტერიტორიის ეზოსა და პარკირების ადგილის ფუძის მოწყობა. სამუშაოებზე დღეისთვის 60 ადამიანია დასაქმებული.

„24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, პროექტი მომავალი წლის მაისში შევა ექსპლუატაციაში. 3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო ფართი დაახლოებით 23 000 კვ.მ-ია და იქ სხვადასხვა სპორტული სახეობის სექცია განთავსდება: სპორტული და მხატვრული ტანვარჯიშის დარბაზი; ბ/რ ჭიდაობის დარბაზი; თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი; სპორტული ცეკვების დარბაზი; ჭადრაკის დარბაზი; ტაეკვონდოს დარბაზი; ქართული საბრძოლო ხელოვნების დარბაზი; უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზი; კრივის დარბაზი. უნივერსალური და სპორტული ტანვარჯიშის დარბაზები მომიჯნავედ ისეა დაგეგმარებული, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი ერთ სივრცედ გაერთიანება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა გიორგი ჯელაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ეს იქნება რეგიონში ყველაზე დიდი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული ბაზა.

InterPressNews.Ge„აჭარაში მიმდინარეობს მეგაპროექტების მშენებლობა. ინფრასტრუქტურული პროექტები მაქვს მხედველობაში. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ მშენებლობების მონიტორინგს, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურადაა დაინტერესებული ინვესტირებაზე. როცა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახლავთ სპორტული ტურიზმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული კომპლექსი, აქ იქნება სხვადასხვა სპორტული კლუბები და კომპლექსები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და რეგიონში იქნება ყველაზე დიდი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული ბაზა. ეს არის ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლებას“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის თქმით, ფუნქციონალური დარბაზების თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსში ადმინისტრაციული ფართებიც მოეწყობა.

„ჩვენი დაპირება სპორტის საზოგადოების წარმომადგენლებისადმი, რომ ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსი აშენდებოდა, შესრულდა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი - თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, სადაც, გარდა ძირითადი ფუნქციონალური დარბაზებისა, მოეწყობა ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, VIP ზონა და მედიისთვის განკუთვნილი ადგილები, ასევე, გასახდელები და სხვა დამხმარე ობიექტები. შენობას ღია ავტოსადგომი ექნება. კომპლექსი ადაპტირდება შშმ პირებისთვის. მშენებლობის ღირებულება 61 977 777 ლარია“, – აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე.

მშენებლობის მონიტორინგი და ტექნიკური ზედამხედველობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ მკაცრად იცავს შრომით უსაფრთხოებას.

კომპანიის ხელმძღვანელის ლევან თარგამაძის განცხადებით, ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი, იცავენ თუ არა ტრენინგზე მიღებულ ინსტრუქტაჟს.

„ჩვენ უმკაცრესად ვიცავთ შრომით უსაფრთხოებას. სამუშაოს დაწყებამდე, ყოველდღიურ რეჟიმში ვატრენინგებთ პერსონალს კონკრეტული სამუშაოების მიხედვით. ყოველი სამუშაო დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი, იცავენ თუ არა ტრენინგზე მიღებულ ინსტრუქტაჟს. ობიექტი მკაცრად გვაქვს დაცული და უსაფრთხოების მიზნით, სამშენებლო ტერიტორიაზე უცხო პირების შესვლა იკრძალება. სიმაღლეზე და სპეცტექნიკასთან სამუშაოებისთვის აღჭურვილი ვართ ყველა საჭირო დამცავი საშუალებით“, – განაცხადა „საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელმა ლევან თარგამაძემ.

სამშენებლო კომპანია ასზე მეტ სატვირთო მანქანასა და სპეცტექნიკას ფლობს, რომლებითაც ურთულესი სამშენებლო სამუშაოების წარმოებაა შესაძლებელი. კომპანია, ბათუმის სპორტული კომპლექსის გარდა, საქართველოს მასშტაბით, ექვს სამშენებლო პროექტს ახორციელებს და დაარსებიდან დღემდე ათობით მნიშვნელოვანი პროექტი აქვს შესრულებული.

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, პროექტის მიხედვით, 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება.