საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილ ახალ სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა გრძელდება

საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებული ცვლილებათა პროექტი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარადგინა, ხოლო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე - მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კომიტეტის წევრებმა სამშვიდობო ინიციატივის ძირითადი მიმართულებები მოისმინეს და კანონებში შესაბამისი ცვლილებების შინაარსი დეტალურად განიხილეს.

„საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის განაცხადი იმის თაობაზე, რომ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი კურსი და მოქმედების გეგმა არის ურყევი და თანმიმდევრული. ეს ინიციატივა არის გათვლილი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე, მათი მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამავდროულად, ხსნის შესაძლებლობებს და სივრცეს იმისათვის, რომ ბარიკადებით გაყოფილი საზოგადოებების სხვადასხვა წარმომადგენლებს შორის წარიმართოს დიალოგი, წახალისდეს მიმოსვლა, ხალხთაშორისი კონტაქტები, თანამშრომლობა საერთო ინტერესების გარშემო, რაც საბოლოო ჯამში შერიგებისა და ნდობის მშენებლობისკენ არის მიმართული, ეს კი თავის მხრივ, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარების ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

სახელმწიფო მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა პარლამენტის მხარდაჭერის უმნიშვნელოვანეს როლს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში.

სამინისტროს ცნობით, მთავრობის ინიციატივას და მისი განხორციელების მიზნით კანონებში გათვალისწინებულ ცვლილებებს ორივე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო