რომან კაკულია გადამხდელუნარიანობის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის შეზღუდვაზე ეროვნული ბანკის რეგულაციებს დროულად მიიჩნევს

მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება დროულია, - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე გამოეხმაურა დეპუტატი რომან კაკულია ეროვნული ბანკის რეგულაციებს გადამხდელუნარიანობის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი ნეგატიური ეფექტი იმისათვის, რომ შემცირდეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც უსახლკაროდ რჩებოდნენ.

“ჭარბვალიანობის თემა, რომელიც როგორც წესი შინამეურნეობების დაკრედიტების პროცენტით განისაზღვრება მთლიან შიდა პროდუქტთან, ამ მომენტისთვის საგანგაშო არ არის. ეროვნულმა ბანკმა, შინამეურნეობების დავალიანების ზრდის მზარდი ტემპები საგანგაშოდ მიიჩნია და ასევე მზარდი ტემპები იმ ადამიანების მიმართ დაკრედიტებისა, რომელთა შემოსავლებიც არ არის ადეკვატური იმ სესხებთან, რომლებსაც ისინი იღებენ. ეს ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ სამართლიანად მიიჩნია მაღალი ხარისხის რისკად. რეგულაციაც, რომელიც გადამხდელუნარიანობის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის შეზღუდვას ეხება, აუცილებელი და მისასალმებელი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით. აუცილებელია ითქვას, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც კარგი ცხოვრებითაა ნაკარნახევი და აქ არ დადგება ის შედეგი, როდესაც ვინმეს არ ექნება საფუძველი, რაღაც ნეგატიურ მოვლენებზე არ ისაუბროს. ეს გარდაუვალი პროცესია. ჩვენ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ნეგატიური ეფექტი იმისათვის, რომ მივიღოთ მთავარი შედეგი - შემცირდეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რჩებოდნენ უსახლკაროდ, ძალიან მძიმე პირობებში. გადამხდელუნარიანობის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის შეზღუდვა ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემას მოაგვარებს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე შეფასებით, არის საფრთხე შავ ბაზარზე გასვლისაც, მაგრამ კაკულიას აზრით, ეს არ იქნება იმ რაოდენობის და მნიშვნელობის, რომელიც ამ ნაბიჯის დადებით ეფექტს გადაწონის.

“რა თქმა უნდა იქნება ადამიანების კატეგორია, რომლებიც სესხებს ვერ მიიღებენ, მაგრამ ჯობია ადამიანმა ვერ მოიძიოს ეს თანხა, თუ ის განწირულია იმისათვის, რომ ამ თანხის მოძიების შემდეგ მისთვის უსახლკაროდ დარჩენა არის პერსპექტივა. რა თქმა უნდა ეს არ არის მარტივი თემა. არის საფრთხე შავ ბაზარზე გასვლისაც, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ იქნება იმ რაოდენობის და მნიშვნელობის, რომელიც ამ ნაბიჯის დადებით ეფექტს გადაწონის. გარდა ამისა, ამ რეგულაციის ამოქმედებით, გაიზრდება ხარისხი ფინანსური შეფასებისა და წინადადებებებისა, რაც მნიშვნელოვანია. არ მიმაჩნია, რომ ეს რისკები იმ მასშტაბის იქნება, რომ არ დადგეს აღნიშნული რეგულაციების დადებითი ეფექტი. მე ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება დროულია. უფრო ადრეც შეიძლებოდა ამის გაკეთება, თუმცა ახლაც დროულია ეროვნული ბანკის რეგულაციები. ბანკებისთვის მორალის წაკითხვა საბაზრო ეკონომიკის პირობებში ცოტა რთული თემაა. ეროვნული ბანკი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ თუ დიეტაზე გადაყვანის აუცილებლობა არსებობს ბანკის, მან ეს უნდა გააკეთოს. იმედი მაქვს, რომ ეს საკმაოდ ნოყიერი დიეტა იქნება მათთვის. ეს არ არის გადააწყვტილება, რომელიც ორივე მხარისთვის 100%-იანი შედეგის მომტანი იქნება, თუმცა ბანკის დაცულობის ხარისხიც იზრდება ამ რეგულაციით. დარწმუნებული ვარ, საბანკო სექტორი შეძლებს თავისი კომპეტენციის განვითარებას ახალი რეგულაციების ფარგლებში და ის მოსაზრებაც, რომ გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი, მთლიანობაში სესხის პროცენტის განაკვეთის ზრდა არ იქნება მნიშვნელოვანი იმ სეგმენტში, ვისაც სესხის გადახდა შეუძლია. აქ ყველაზე ნაკლებ რისკს ვხედავ. მთავარია, რომ შემცირდეს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სესხებს ვერ იხდიან და უმძიმეს პირობებში რჩებიან. ჩვენ ჭარბვალიანობის შემცირების მნიშვნელოვანი გარანტიები გვექნება“, - აღნიშნა კაკულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო