ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ოპოზიციას ეკონომიკაში მიღწეული წარმატებები შეახსენა

საქართველომ, თუ რომელიმე მიმართულებით ბოლო დროს წარმატებას მიაღწია, ერთ-ერთი ეკონომიკაა, - ასე გამოხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის პლენარულ სესიაზე ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას, რომელიც საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას მოჰყვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კოვზანაძემ საკუთარ გამოსვლაში ბოლო სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს მშპ-ის ზრდამ მარტში 5,6%, ხოლო პირველ კვარტალში - 5,2% შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4,5%-იან ზრდაზე იყო დაგეგმილი.

„მინდა, გაგაცნოთ ბიუჯეტის შესრულების ტემპებიც. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსავლებმა გეგმას 221 მილიონი ლარით გადააჭარბა, რაც ნამდვილად კარგი მაჩვენებელია“, - განაცხადა კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძემ ინფლაციური წნეხის შესუსტებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს მოსახლეობისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხი იყო ფასების ზრდა. წელს, მარტსა და აპრილში, დეფლაცია დაფიქსირდა; ინფლაციის წლიურმა დონემ გასულ თვეს 2,5% შეადგინა, ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელი კი 2018 წელს 3%-ია.

„მინდა აღვნიშნო აგრეთვე, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გასულ წელს შემცირდა 12%-იდან 8%-მდე, ანუ, ეს მაჩვენებელი, თითქმის, 530 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა, რამაც, თავის მხრივ, დადებითი გავლენა მოახდინა ქართული ლარის სტაბილურობაზე“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და გასულ წელს დანერგილ ესტონურ მოდელს რევოლუციური უწოდა. მისი თქმით, საგადასახადო შეღავათის შედეგად ქართულ ბიზნესს ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის საინვესტიციო რესურსი დარჩა, რამაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ხელი შეუწყო.

„ერთობლივი რეფორმები, რომლებზეც მუშაობდა და მუშაობს საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და ეროვნული ბანკი, ეს იქნება დეპოზიტების დაზღვევა, კაპიტალის ბაზრისა თუ საპენსიო რეფორმები, ემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ დღევანდელ პლენარულ სესიაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა